პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრის კენჭს

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გრძელდება. საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ.

„ჩვენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით უკვე განვიხილეთ საქართველოს კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანის საკითხი. „ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენლებმა, კომიტეტის წევრებმა ყველამ დავუჭირეთ მხარი ამ ცვლილებებს. შესაბამისად, რაც განვაცხადეთ, რომ პარლამენტის 92 წევრის მხრიდან, ჩვენი გუნდიდან ექნება ამ ცვლილებას მხარდაჭერა, ანუ სრული მხარდაჭერა, ეს გამოიხატება ასევე კენჭისყრის პროცესში პლენარულ სხდომაზე. როდესაც ჩვენ ჩავატარებთ კენჭისყრის პროცესს, ექნება იგივე მხარდაჭერა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. ისინი ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებისკენ მოუწოდებენ, კონკრეტულად კი გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატებს, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერენ.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც.

136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 21 ივნისს მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმაც, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.

banner
წინა სტატიაში„ ოცნებამ“ ოპოზიციას ისევ მოუგო , თან ახვეწნინა და ისე”- დავით ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიაქუთაისში 299 ტესტი ჩატარდა და „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა