პაციენტმა ექიმებს ინფორმაცია დაუმალა, სახლში გაწერის შემდეგ კი კორონავირუსი დაუდგინდა

კორონავირუსით ინფიცირებულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ კონტაქტების შესახებ ინფორმაცია დამალა, რის გამოც ის ბოჭორიშვილის კლინიკიდან სახლში გაწერეს, თუმცა მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.

ფაქტს გვიდასტურებს ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი ლია გოლიაძე. ექიმის თქმით, პაციენტი, რომელმაც ისტორია დამალა, ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობის შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, სწორედ ამ დროს დაუდგინდა მას კორონავირუსი. ინფექციონისტის თქმით, ამ დროისთვის პაციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის მკურნალობას.

„პაციენტი, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკიდან გაეწერა ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციით, შემდეგ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, რა დროსაც დაუდასტურდა კორონავირუსი და ის გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში” – აღნიშნავს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ლია გოლიაძე.

ბოჭორიშვილის კლინიკაში აღნიშნავენ, რომ კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული 5 პაციენტი გადის მკურნალობას, საიდანაც ოთხი ერთი ოჯახის წევრები არიან (ამერიკის კლასტერი), ხოლო მეხუთე პაციენტი ბავშვია.

პაციენტმა, რომელმაც კონტაქტების შესახებ ინფორმაცია დამალა, ბოჭორიშვილის კლინიკაში ოთხი დღის განმავლობაში თერაპიულ განყოფილებაში, საერთო პალატაში სხვა დიაგნოზით მკურნალობდა, რის გამოც სხვა პაციენტიც დაინფიცირდა. ასევე წყაროს ინფორმაციით, იმის გამო, რომ აღნიშნული მოქალაქე რისკ-ჯგუფში არ მიიჩნეოდა, მასთან ექიმები სპეციალური ეკიპირების გარეშე შედიოდნენ, ამჟამად კი ერთ-ერთ ექიმს ტემპერატურა აღენიშნება, თუმცა კორონავირუსზე მისი ტესტის პასუხი უარყოფითია.

წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ბოჭორიშვილის კლინიკაში არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ კლინიკაში ვირუსის შიდა-გავრცელება არ დაფიქსირებულა, ხოლო პაციენტი, რომელმაც საეჭვო კონტაქტების შესახებ ინფორმაცია დამალა, ბოჭორიშვილის კლინიკიდან ჯერ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ვირუსის დადასტურების შემდეგ კი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

წყარო: პრაიმტაიმი

banner
წინა სტატიაშილალი ტურძელაძე – ველოდებით მეორე უარყოფით პასუხს პაციენტზე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე – გვინდა, როგორმე შევინარჩუნოთ უნიკალური მონაპოვარი, რაც გვაქვს მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს, საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამს – ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, დავისვენებ, დავიძინებ