ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტი, მერე ამაზე მიბმული თრილერი სარდაფთან დაკავშირებით, სრული სისულელეა

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ჩვენებაში კატეგორიულად უარყოფს ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტს. ლევან ყიფიანის ჩვენებას მთავარი პროკურატურა ასაჯაროებს.

„რაც შეეხება ჩემი და ოთარ ფარცხალაძის კონფლიქტს, მერე ამაზე მიბმულ თრილერს სარდაფთან დაკავშირებით, ეს სრული სისულელეა. ოთართან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და არანაირი კონფლიქტი, მითუმეტეს სერიოზული, არასდროს მქონია მასთან.

ეს არის ის ინფორმაცია, რაც ვიცი საქმესთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ლევან ყიფიანის ჩვენებაში.

კითხვაზე, მოწმეთა განმარტებით, 2016 წელს ლევან ყიფიანმა ოფისში მისვლისას განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე მისივე ოფისის სარდაფში ფიზიკურად გაუსწორდა და გაუპატიურებით ემუქრებოდა, ასევე მას სახეზე თითქოსდა ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი, რამდენად შეესაბამება აღნიშნული რეალობას, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული არანაირად არ შეესაბამება რეალობას.

„მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად მე მსგავსი საუბრები არავისთან არ მქონია. ოთარ ფარცხალაძესთან მაქვს საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა და მე მასთან არანაირი სახის კონფლიქტი არ მქონია. ჩანაწერი, სადაც მე ვსაუბრობ ავარიაზე, ხოლო ზაზა ოქუაშვილი აკონკრეტებს და საუბრობს ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, როგორც აღვნიშნე არის ინსცენირება და დადგმულია ზაზა ოქუაშვილის ინიციატივით. მისი თქმით, უცხოელი პარტნიორებისათვის გაცილებით დამაჯერებელი იქნებოდა თუკი ჩანაწერში ვისაუბრებდით ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და შეურაცხყოფაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არანაირ კონფლიქტს, ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობას/მუქარას ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, არც მისი ოფისის სარდაფში არ ვარ ნამყოფი და ისიც არ ვიცი აქვს თუ არა საერთოდ სარდაფი. შესაბამისად არანაირი სამედიცინო დაწესებულებისათვის მე არ მიმიმართავს“, – აღნიშნულია ჩვენებაში.

banner
წინა სტატიაშიზაზა ოქუაშვილი არასამთავრობოების კითხვებს სკაიპის საშუალებით უპასუხებს
შემდეგი სტატიალევან ყიფიანის ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილს და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა ოქუაშვილის თხოვნის შესაბამისად შედგა