ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველების შეფასების მიზნით კულტურის სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნა

ოსტატების რეესტრისთვის კანდიდატების შესარჩევად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში არიან: ტარიელ კიპაროიძე (არქიტექტორ-რესტავრატორი), მერაბ ბოჭოიძე (არქიტექტორ-რესტავრატორი), გოგოთურ მირსიაშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი), ნიკოლოზ ზაზუნიშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი), ნოდარ მინდორაშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი), სპარტაკ ჯვარიძე (სამუშაოთა მწარმოებელი, რესტავრატორი), გიორგი ციციშვილი (არქიტექტორი), დავით ჯინჭარაძე (არქიტექტორი) და ლაშა შარტავა (არქიტექტორი). სწორედ ამ კომისიასთან გასაუბრების შემდეგ ექნებათ კანდიდატებს შანსი, რომ მოხვდნენ ოსტატების რეესტრში და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში დასაქმდნენ, ან დასაქმებამდე კვალიფიკაციის კურსები გაიარონ. ამ ეტაპისთვის სამინისტროში შემოსულია 70 განაცხადი.

ოსტატების რეესტრში დასარეგისტრირებლად განაცხადების მიღების ბოლო ვადა 15 ივნისია, ხოლო გასაუბრება კანდიდატებთან მომდევნო კვირაში დაიწყება. შეგახსენებთ, ოსტატების რეესტრის შექმნის მიზნით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს განაცხადების მიღებას შემდეგ პროფესიებში:

– ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი);

– ხითხურო; ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი.

– კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი);

– სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები)

– მჭედელ-ზეინკალი;

– მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.

რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს 15 ივნისამდე კიდევ აქვთ შესაძლებლობა მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@culture.gov.ge ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229. გასაუბრებაზე მოსაწვევად პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები. გასაუბრებაზე დაბარების შემთხვევაში, მან თან უნდა იქონიოს შესრულებულ სამუშაოთა ფოტო და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვიდეომასალა.

გასაუბრების შედეგად, კომისია ან გასცემს კულტურის სამინისტროს სისტემაში დასაქმების რეკომენდაციას, ან მიუთითებს დასაქმებამდე კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს (თეორიულ-პრაქტიკული წვრთნები) უზრუნველყოფს კულტურის სამინისტრო. დასაქმებული ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე გაგზავნილი პირებისაგან შედგება ოსტატთა რეესტრი.

საბოლოო ჯამში, რეესტრში აღრიცხული ოსტატები მიიღებენ დამატებით პრაქტიკულ გამოცდილებას და ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში – სერტიფიკატს. გათვალისწინებულია, რომ 2022 წლის 1 მაისიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომელთაც ექნებათ სერტიფიკატით დადასტურებული პროფესიული უნარები.

აღსანიშნავია, რომ ოსტატთა რეესტრის შექმნის აუცილებლობა ქვეყანაში კულტურულ მემკვიდრეობის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. კერძოდ, როგორც ახალშექმნილი სამინისტროს მიერ ამ სფეროს შესწავლამ ცხადჰყო, ხშირ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემები კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობითაა გამოწვეული. ამის სამწუხარო მაგალითია გელათის სამონასტრო კომპლექსიც, რომლის გადახურვის პროექტი 2008 წელს შედგა და, მას შემდეგ, ხარვეზებით წარმოებულმა სამუშაოებმა ძეგლის დაზიანება გამოიწვია.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგაეროს ბავშვთა კომიტეტს მივმართეთ, საქმის განხილვაში ჩაგვრთოს – ლომჯარია ნინოწმინდაზე
შემდეგი სტატიადენის შმიგალი – დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია