ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება დაიწყება, რომლის საპრიზო ფონდი სამ მილიონამდე ლარია

gulis eleqsiri

ორშაბათიდან დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღიბრაძის თქმით, შეთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის.

„ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მლნ 800 ათას ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა, იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. ცხადია, იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდები – დაწყებული 100 ლარიდან. 100 და 500 ლარი გათამაშდება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად გათამაშდება 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო. ხოლო შემაჯამებელი გათამაშება იქნება წლის ბოლოს და მისი საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი. გათამაშება შედგება ყოველდღიურად, როგორც უკვე აღვნიშნე, ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით შეარჩევს იმ პირებს, ვინც გამოვლინდებიან გამარჯვებულად იმ კონკრეტულ დღეს და შესაბამისად, შეატყობინებს ამ ადამიანს და გადასცემს შესაბამის პრიზს.

ლოტოტრონის პრინციპით იქნება მხოლოდ საბოლოო გათამაშება, თუმცა სხვა ტექნიკურ დეტალებზე უკვე ლატარიის კომპანია გააკეთებს კიდევ უფრო დეტალურ განმარტებას.

ცხადია, თანხა გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა იქ უამრავი სხვადასხვა პროგრამა და მიმართულება არსებობს ზოგადად“, – განაცხადა ღიბრაძემ.

გიორგი ღიბრაძის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ერთჯერადადაც არის აცრილი, მიიღებს მონაწილეობას ლატარიაში.

წინა სტატიაშისპორტული ღონისძიებების ყველა მონაწილე უნდა იყოს აცრილი ან ჩატარებული ჰქონდეს ტესტი
შემდეგი სტატიაგაბუნია: მნიშვნელოვანია, გააქტიურდნენ სტუდენტები და დროულად ჩაიტარონ აცრა