ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს.

ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ქვეყნის საერთაშორისო მეგობრების მონაწილეობით, შეთანხმება შედგა.

„დიდი მადლობა აშშ-ს, ევროკავშირის, გერმანიის ელჩებს და ევროსაბჭოს წარმომადგენელს, ასევე საქართველოს ყველა მეგობარს, რომელთაც ცდა არ დაუკლიათ ამ შეთანხმების მისაღწევად.

შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე ეს შეთანხმება საკვანძოა დაძაბულობის განსამუხტად და საქართველოსთვის იმ რისკების ასაცილებლად, რასაც უაღრესად დაძაბული გარემო და პოლიტპატიმრების არსებობა ქმნის. ბუნებრივია, მოლაპარაკებების პროცესის საბოლოო ტესტი, ამ შეთანხმების შესრულება იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქართული საზოგადოების დაკვეთა სრულად პროპორციული არჩევნების მიღწევა იყო.

„20 ივნისსა და შემდგომ პერიოდში აქტივისტთა ახალი თაობის ძალისხმევით, მთელი საზოგადოება გაერთიანდა პროპორციული არჩევნების მისაღწევად.

ბუნებრივია, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ინტერესი სრულად პროპორციული არჩევნების მიღება იყო და ასეთად რჩება, მაგრამ გვესმის რომ ამ საკითხზე გონივრული კომპრომისის მოძებნა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის. ასეთი კომპრომისი მოიძებნა“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადების ტექსტშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული შეთანხმების დოკუმენტში აღნიშნულია არამარტო პროპორცია პარტიულ სიებსა და მაჟორიტარებს შორის (120/30-ზე) და საარჩევნო ბარიერი, არამედ ახალი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების მყარი კრიტერიუმები და ვადები.

„ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ ვერ თანხმდებიან იმ პირთა პოლიტიკურ სტატუსზე, რომლებიც დაპატიმრებულები არიან 20 ივნისს და მის შემდგომ განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო. ოპოზიცია მათ ბუნებრივია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს, ხელისუფლება ამას არ აღიარებს, თუმცა მხარეები შეჯერდნენ ერთობლივ დოკუმენტში იმაზე, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა იმგვარად, რომ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ ჰქონდეს განცდა, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკური მიზნებისთვისაა გამოყენებული, საკვანძოა ვითარების განმუხტვისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ამ შეთანხმების შესრულება, როგორი განსხვავებებიც არ უნდა იყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

„მოვუწოდებთ პრეზიდენტს და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ხელი შეუწყონ ამ საკითხის სწრაფად გადაჭრას მათ ხელთ არსებული ლეგიტიმური ინსტრუმენტების გამოყენებით, რათა გიორგი რურუამ, გიგი უგულავამ, ბესიკ თამლიანმა და ირაკლი ოქრუაშვილმა დროულად დატოვონ საპატიმროები. პოლიტიკური პროცესის სანდოობისა და დადებული შეთანხმების შესრულების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს ამ ადამიანთა მიმართ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდგომი გადახედვა ან სხვა პოლიტიკური საქმეების მეშვეობით მათი საპატიმროებში დაბრუნება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ არ გადაიდგას ახალი რეპრესიული ნაბიჯები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არჩევნები უნდა იყოს იდეებისა და შეხედულებების ჭიდილი იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეები უნდა წყვეტდნენ თუ რომელ გზას დაუჭერენ მხარს.

„ჩვენი ამოცანაა, რომ მშვიდობიანი არჩევნების გზით შევცვალოთ ეს ხელისუფლება და გამოვიყვანოთ საქართველო ამ ჩიხიდან. არასდროს დავუშვათ ერთპიროვნული მმართველობა და დავამკვიდროთ მრავალპარტიული პარლამენტარიზმის ტრადიცია“, – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – კორონავირუსთან დაკავშირებით საჭიროა სიფრთხილე და რეგულაციების გათვალისწინება
შემდეგი სტატია“მე მიმაჩნია, რომ ქართული დემოკრატია დღეიდან უფრო ძლიერ საფუძველზე დგას”-მარგველაშვილი