ომში მიტოვებული გმირი ჯარისკაცები, ევაკუაციის გარეშე დატოვებული მოსახლეობა – ეს არის „ომის პარტიის“ „მიღწევები“, ქვეყნის დაცვის და გადარჩენის პარტია ვართო – თალაკვაძე

ომში მიტოვებული ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ევაკუაციის გარეშე დატოვებული მოსახლეობა, სტრასბურგის სასამართლოში შესული ათასობით საჩივარი და სახელმწიფოს მიერ წაგებული საქმეები, რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტები, ეს არის მოკლედ ომის პარტიის „მიღწევები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

თალაკვაძე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს: „ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვართ ომის პარტია, ჩვენ ვართ არა ომის პარტია, არამედ საქართველოს დაცვის და გადარჩენის პარტია“.

„ომში თქვენგან მიტოვებული ჩვენი გმირი ჯარისკაცები; ევაკუაციის გარეშე დატოვებული მოსახლეობა; გორში, ერთ შენობაში მიყვანილი ახალგაზრდა რეზერვისტები, რომლებიც იღბლის გამო გადაურჩნენ ერთად დაბომბვას; თავდაცვისთვის განკუთვნილი თანხების დატაცება; თბილისის ბიუჯეტის მასშტაბური ძარცვა; ღამღამობით, პროკურატურაში მიყვანილი ბიზნესმენები, რომლებმაც მთელი ქონება „აჩუქეს“ სახელმწიფოს; დაპატიმრებული ჟურნალისტები, რეიდები ტელევიზიებში და ბოლოს „ანტენების“ დაპატიმრებაც; პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ჩანაწერი და ადამიანების შანტაჟი; არაერთგზის თავხედურად გაყალბებული არჩევნები; ყოველ წელს წამების, არაადამიანური მოპყრობის და მკურნალობის შეზღუდვის გამო გარდაცვლილი 140-144 პატიმარი; გატაცებული და დახვრეტილი მოქალაქეები, რომლებიც როგორც გამოძიებით გაირკვა, ზღვაში ჩაძირეს; სტრასბურგის სასამართლოში შესული ათასობით საჩივარი და სახელმწიფოს მიერ წაგებული საქმეები; რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტები; პოლიტიკური და საინფორმაციო თავდასხმები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე და ელჩებზე – მათი დადანაშაულება არნახული უტიფრობით – ეს არის ომის პარტიის „მიღწევები“ მოკლედ. ქვეყნის დაცვის და გადარჩენის პარტია ვართო?!“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უკრაინას შეთანხმების პროექტი გადასცა, ბურთი მათ მხარესაა – პესკოვი
შემდეგი სტატიაროცა ადამიანი თვალსა და ხელს შუა კვდება იმის გამო, რომ ჯერ აწამეს და ახლა ჯანდაცვის უფლებაზე უარს ეუბნებიან, სიჩუმე თანამონაწილეობა ხდება – გვარამია