ომბუდსმენი – უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და ფორმატი, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი იმისათვის, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია – ამ პროცესში, სადაც საჭირო იქნება მე მზად ვარ მივიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან და მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სკეპტიციზმი არსებობს.

„საქართველომ, ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ, როგორც მმართველმა ძალამ, ასევე ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ წლის ბოლოს ევროპის კომისიამ გასცეს დადებითი მოსაზრება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. არის წარმოდგენილი ეს გეგმა, რა თქმა უნდა, სკეპტიციზმი მაქვს, ბუნებრივია იმ განცხადებებიდან და გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე რასაც ჩვენ ვხედავთ, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი იმისათვის, რომ ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია და მზად ვართ იმისთვის, რომ დემოკრატიული ცვლილებებისთვის ვიბრძოლოთ. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ პროცესის დანახვა სჭირდება ევროკავშირს, ისინი ელოდებიან, რომ ამ პროცესის შედეგად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის: მართლმსაჯულება, ანტიკორუფციული მიმართულება, სამართალდამცავი უწყებები, არჩევნები, გადადგმული იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პროცესს უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ რამდენად არის ამის მზაობა ხელისუფლების მხრიდან.

რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას, სადაც საჭირო იქნება, მე ვარ კონსტიტუციური ორგანო და ჩემი კომპეტენცია, ჩემი ოფისის კომპეტენცია სადაც საჭირო იქნება, ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა”, – განაცხადა ლომჯარიამ.

წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზე მოთხოვნა უწყებაში არ შესულა – გაბუნია
შემდეგი სტატიაბერბოკი – გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთიდან გაზის დეფიციტმა საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს