ომბუდსმენი-TBC-ის საქმის მასალებში არ ჩანს ფულის გათეთრების დანაშაულის აუცილებელი ელემენტები

region
ავტ.: region იანვარი 15, 2020 17:08

ომბუდსმენი-TBC-ის საქმის მასალებში არ ჩანს ფულის გათეთრების დანაშაულის აუცილებელი ელემენტები

საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის მასალებში არ იკვეთება იმ ელემენტების არსებობა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქმედება ჩაითვალოს ფულის გათეთრების დანაშაულად.

ამის შესახებ აღნიშნულია სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში, რომლითაც ომბუდსმენმა TBC ბანკის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

სახალხო დამცველი საქმის მასალებს ეყრდნობა, რომელიც უკვე შეისწავლა.

ფულის გათეთრების დანაშაულისთვის აუცილებელ ელემენტებზე საუბრისას ომბუდსმენი მიუთითებს, რომ არ იკვეთება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პროცესის დაწყებამდე აუცილებელია არსებობდეს უკანონოდ მოპოვებული “შავი ფული”, რომლის ფულად-საკრედიტო სისტემაში ინტეგრაციას ცდილობს დამნაშავე.

“პრედიკატული დანაშაული, როგორც წესი, რეგულარულ, არაერთგზის დანაშაულს გულისხმობს. თუმცა, მოცემულ საქმეში არ იკვეთება არათუ მსგავსი განმეორებადი, არამედ თუნდაც ერთჯერადი წინასწარი, პრედიკატული დანაშაულის ჩადენა”, – აღნიშნავს ომბუდსმენი.

გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ზოგადად, ფულის გათეთრების სქემა სამ ეტაპს მოიცავს და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში არც ერთი ეს ეტაპი არ ჩანს.

“თავდაპირველად დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა ბანკის როგორც წესი, სხვადასხვა ანგარიშებზე განთავსდება, შემდგომ მრავალი წვრილმანი გადარიცხვა სრულდება, რათა მაკონტროლებელმა ორგანოებმა აღნიშნული თანხის წარმომავლობის დადგენა ვეღარ შეძლონ, ბოლოს კი თანხა დამნაშავის საბანკო ანგარიშზე ბრუნდება.

საქმის მასალების მიხედვით კი, ბრალდებულებს მიღებული თანხა არ განუთავსებიათ სხვადასხვა ანგარიშებზე, არ დაუშლიათ მცირე ერთეულებად კონტროლისთვის თავის არიდების მიზნით, არ განუხორციელებიათ წვრილმანი გადარიცხვები და ამავდროულად, საქმიდან საერთოდ არ იკვეთება თანხის მათ ანგარიშზე უკან დაბრუნება, რაც დანაშაულის ჩადენის მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პროცესის მიმდინარეობისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო უნდა დაეყრდნოს ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით დამკვიდრებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკას, რომელიც ფულის გათეთრების დანაშაულისთვის აუცილებელი ელემენტების არსებობაზე მიუთითებს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ბრალდების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 9 იანვარს მიმართა.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ დოკუმენტი აერთიანებს ბრალდების საქმის მასალების 33 ტომის სრულად გაცნობის შედეგად სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ საკვანძო კითხვის ნიშნებს, რომელზე მსჯელობასაც, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ ყურადღება უნდა დაუთმოს.

“სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ეყრდნობა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) დანაშაულის შინაარსობრივ, სტრუქტურულ და მიზნობრივ ანალიზს. დოკუმენტში განხილულია თუ რატომ არის ფულის გათეთრება კონვენციური წარმომავლობის დანაშაული, რა სპეციალური წინაპირობები, სქემა და მიზანი ესაჭიროება ამ დანაშაულის ჩადენას და რატომ უნდა განიმარტოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული შესაბამისი ნორმა მისი ავტონომიური შინაარსის მიხედვით”, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით სასამართლოს ასევე წარედგინა ფულის გათეთრების სხვა ეკონომიკური დანაშაულებისგან გამიჯვნისა და სისხლისსამართლებრივი ნორმის სწორი განმარტების მიდგომის შესახებ მსჯელობა.

“სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სასამართლოს წინამდებარე საქმის სამართლიან შეფასებასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

region
ავტ.: region იანვარი 15, 2020 17:08