პროკურორი-მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ დაკითხვისას მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრა

მოწმე გიორგი ჯანაშიამ განაცხადა, რომ ფარდულთან ახლოს დავით სარალიძესთან დაინახა ბრალდებული მიხეილ კალანდია, რომელსაც ხელში დანისმაგვარი საგანი ეჭირა და ხელი სისხლიანი ჰქონდა, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმეზე, მოწმის სახით დავით სარალიძის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია დაიკითხა.

როგორც პროკურორმა განაცხადა, მსჯავდებულმა გიორგი ჯანაშიამ საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე ისაუბრა.

„დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა მსჯავდებული გიორგი ჯანაშია, რომელმაც ისაუბრა საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ბრალდებული მიხეილ კალანდიას მიმართ წარდგენილ ბრალდების შინაარსთან. შესაბამისად, მოწმე ადასტურებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარკვეულ კომპონენტებს. მოწმემ ისაუბრა კონფლიქტის დროს მყოფი პირების როლზე. მათ შორის, მოწმემ ისაუბრა ბრალდებულ მიხეილ კალანდიას როლთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ფარდულთან ახლოს დავით სარალიძესთან დაინახა ბრალდებული, რომელსაც ხელში დანისმაგვარი საგანი ეჭირა და ხელი სისხლიანი ჰქონდა“, – განაცხადა ბესიკ ქვარცხავამ.

დაცვის მხარე მოწმის ჩვენებას ეჭვქვეშ აყენებს. მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურა თოდუა ამბობს, რომ მოწმის არაერთი დაკითხვის მიუხედავად, კალანდიას მამხილებელი ჩვენება გიორგი ჯანაშიამ მხოლოდ დღეს მისცა, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

„უტყუარი გარემოება არის, რომ ჯანაშია საგამოძიებო ორგანოებში რამდენჯერმე არის დაკითხული, მაგრამ მას არცერთ ჩვენებაში არ უსაუბრია ორი გარემოების შესახებ. პირველი, თურმე, ფარდულთან დაინახა, რომ კალანდიას სახელო სისხლიანი ჰქონდა და მეორე, თურმე, მას დანის მაგვარი რაღაც საგანი ეჭირა ხელში.

კითხვაზე, თუ რატომ არ განაცხადა ამის შესახებ გამოძიების ეტაპზე, ცალსახად უპასუხა, რომ გამომძიებლები ასეთ კითხვებს არ უსვამდნენ და როცა დაუსვეს კითხვა, მაშინ უპასუხა. ეს აბსურდია და გარემოებასთან აბსოლუტურად შეუსაბამოა. ასევე, ვერ განმარტა მისი პოზიცია, თუ რატომ ჰქონდა კალანდიას სახელო სისხლიანი. კალანდიას ქურთუკზე სასამართლო ექპერტიზა ჩატარებულია და დადგენილია, რომ მასზე არავის სისხლის კვალი არ არის აღმოჩენილი. აქედან გამომდინარე, ის, რომ კალანდიას სახელო სისხლიანი ჰქონდა, მოწმის ფანტაზიის ნაყოფია. ასევე, მისი თქმით, როცა ის მაღაზიაში წყლის მოსატანად წავიდა და მობრუნდა, კალანდიას უკვე დაბანილი ჰქონდა ხელი და ქურთუკის მარჯვენა სახელო სველი ჰქონდა. ესეც სიცრუეა, რაც არ უნდა გაგერეცხა კალანდიას ქურთუკის სახელო 10 წუთის განმავლობაში, შანსი არ იყო, რომ მასზე სარალიძის სისხლის კვალი არ დარჩენილიყო. შესაბამისად, ეს არის ცრუ ჩვენების მიმცემი, მაგრამ ბრალდებას აწყობს საქმეში ასეთი ჩვენების ქონა, ეს ასევე აწყობს შეკვეთის მიმცემს. მოწმემ დროებით საპარლამენტო კომისიაზე დაკითხვისას თქვა, რომ არ ვიცი, კალანდიას რა ეჭირა ხელში, შეიძლება ტელეფონი ეჭირაო. დღეს კი ამბობს, რომ კალანდია მაშინ დაინახა, როცა ფარდულიდან გამოვიდა, დაინახა, რომელსაც დანის მაგვარი საგანი ეჭირა. მოწმემ ვერ განმარტა რა არის დანისმაგვარი საგანი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია, დანებში ერკვევა, კოლექციონერი იყო, სხვათა შორის, 200-მდე დანა ჰქონია შეგროვილი“, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი-TBC-ის საქმის მასალებში არ ჩანს ფულის გათეთრების დანაშაულის აუცილებელი ელემენტები
შემდეგი სტატიარუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა