ომბუდსმენი And Then We Danced-ის პრემიერაზე: გამოხატვის თავისუფლებით დაცულია მშვიდობიანი გამოხატვა

region
ავტ.: region ნოემბერი 7, 2019 14:18

ომბუდსმენი And Then We Danced-ის პრემიერაზე: გამოხატვის თავისუფლებით დაცულია მშვიდობიანი გამოხატვა

საქართველოს სახალხო დამცველი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერასთან დაკავშირებუთ ძალადობრივი ჯგუფების მუქარებს ეხმაურება და ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია იმ ტიპის გამოხატვა, რომელიც სხვების უფლებებს და თავისუფლებებს არ არღვევს. ნინო ლომჯარია ხაზს უსვამს, რომ საქართველოში შემოქმედების თავისუფლება კანონით არის უზრუნველყოფილი და ვერავინ ვერავის აუკრძალავს რა ფილმი გადაიღოს ან ნახოს.

“გამოხატვის თავისუფლებით დაცულია მშვიდობიანი გამოხატვა და ისეთი ტიპის გამოხატვა, რაც სხვა პირთა უფლებებს და თავისუფლებებს არ არღვევს. ჩვენ რაც მოვისმინეთ, ეს იყო პირდაპირი მუქარა, რომ მოახდენენ კონკრეტული შენობების, მათი შესასვლელების ბლოკირებას, ჩაშლიან კინოჩვენებას და არ შეუშვებენ იქ ადამიანებს. თუ აღნიშნული ტიპის ქმედება განხორციელდა, ეს ნამდვილად არ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროს”, – ამბობს ლომჯარია.

ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ კინოთეატრებთან მობილიზებული იქნება პოლიცია და გართულებები თავიდან იქნება აცილებული.

სახალხო დამცველს ჟურნალისტებმა ჰკითხეს არის თუ არა ძალადობრივი ჯგუფების წახალისება საპატრიარქოს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ფილმის კინოთეატრებში ჩვენება მიუღებლად მიაჩნიათ. ნინო ლომჯარიას თქმით, ამ განცხადებას არ იცნობს.

“მე არ შევალ რელიგიური განმარტებების შეფასებაში, საპატრიარქოს შეიძლება ჰქონდეს ეს პოზიცია, ეს მათი გადასაწყვეტია. მე ვსაუბრობ სამართლებრივ ნაწილზე და იმაზე, რომ არავის აქვს უფლება ამ ქვეყანაში ვინმეს გადაუწყვიტოს ან შეუზღუდოს საკუთარი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა. შემოქმედებითი თავისუფლებაა ამ ქვეყანაში, ცენზურა დაუშვებელია და არავის აქვს უფლება დაბლოკოს შენობების შესასვლელები და ვინმეს არ მისცეს შესვლის უფლება. ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, უფრო უხეში ქმედებები თუ იქნება, შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული”, – ამბობს საქართველოს სახალხო დამცველი.

ცნობისთვის, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს. მაყურებლების კინოთეატრებში არ შეშვებით იმუქრება გურამ ფალავანდიშვილიც. ძალადობრივი ჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი, ლევან ვასაძე კი აღნიშნავს, რომ გაწევენ პოლიციელებს, შევლენ საოპერატოროში და ფილმის ჩვენებას გათიშავენ. აქციაზე ყოფნას აანონსებს სასულიერო პირების ნაწილიც.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, “დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც”. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლევან აკინის ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას “ყოვლად მიუღებლად” მიიჩნევს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” საქარტველოს კინოთეატრებში ჩვენების დროს დაიცავს, როგორც უსაფრთხოებას, ასევე, გამოხატვის თავისუფლებას.

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები.

region
ავტ.: region ნოემბერი 7, 2019 14:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics