“ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბული სიტუაცუია და შეიძლება ნებისმიერ დროს გადაიზარდოს უფრო სერიოზულ ვითარებაში, აუცილებელია დეესკალაცია”- ზურაბიშვილი შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ

საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის პრეზიდენტმა და საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის დროს განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა. როგორც საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, მთავარი თემა, რასაც საუბარი შეეხო, კონფლიქტური სიტუაცია და ოკუპირებული ტერიტორიებია.

“ჩვენ ვისაუბრეთ პირველ რიგში, კონფლიქტურ სიტუაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმ აუცილებლობაზე, რასაც მე ვუხსენებ ყოველთვის ჩვენ პარტნიორებს, რომ აუცილებელია ის, რომ სხვა კონფლიქტთან ერთად, კერძოდ უკრაინის კონფლიქტთან ერთად, საქართველო არ იყოს მივიწყებული, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, ამ ზაფხულს საკმაოდ დაძაბული სიტუაცია, შეიძლება ნებისმიერ დროს, გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში და აუცილებელია დეესკალაცია ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, რაიმე გამოსავლის ძებნა. ერთ-ერთი მიმართულება, არის ჯერ ერთი, გაძლიერება მოლაპარკებების იმ ფორმატში, რაც არსებობს, მაგრამ ასევე სხვა ფორმატებში, სადაც შეიძლება იყოს განხილულია სხვა კონფლიქტებიც” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანია იქნება მტკიცე მხარდამჭერი, საქართველო გახდეს ყველა იმ ევროპული პროგრამის წევრი, რომელიც ქვეყანას დაეხმარება ევროკავშირში გაწევრიანდეს.

“დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ჩვენი პოზიციები სექტორალურ ინტეგრაციასთან მიმართებაში და ის მიმართულება, რომ საქართველო გახდეს პრაქტიკულ ჭრილში გაწევრიანდეს ყველა იმ პროგრამაში, რომელიც შეგვიყვანს ფაქტობრივად ევროკავშირში, სანამ მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამ მიმართულებაშიც გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ გერმანია არის და იქნება ჩვენს გვერდით. განვიხილეთ ასევე ის საკითხები, რომელიც ორივესთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის რეგიონალური თანამშრომლობა,”– განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს მიგრაციის თემაც.

„ეს ტალღა ვერ შენელდა, თუმცა ახლა მიღებული არის კონკრეტული ზომები და თანამშრომლობა, ეს იქნება ფრონტექსთან თუ ინდივიდუალურ ქვეყნებთან და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გადავა იმ მეორე ასპექტში, რომელსაც ჰქვია ცირკულარი მიგრაცია, ანუ დროებითი მიგრაცია, რომელიც ამავე დროს, ხელს უწყობს პროფესიონალურ კვალიფიკაციას და ეს არის ერთ-ერთი ცივილიზებული გზა, რომ შევცვალოთ ის მიგრაციული ტალღა, აქტიურ დროებით ტალღად, რომელიც მერე დაუბრუნდება ქვეყანას თავისი გამოციდლებით“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიარავის მიეცემა შესაძლებლობა, ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები და ცუდად გამოიყენოს ტაქსების რეფორმა – კალაძე
შემდეგი სტატია„შტაინმაიერის ფორმულა“ უკრაინისთვის არის ინიციატივა, რომელსაც ყველა მიესალმა, ახლა უნდა ვნახოთ, როგორ მოხდება ამის იმპლემენტაცია – კარლ ჰარცელი