ოხანაშვილი სახალხო დამცველზე: სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა რომ გაიგონ, გამაოგნებელი იქნება

“სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა რომ გაიგონ, ალბათ ეს იქნება გამაოგნებელი ფაქტი”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომელმაც განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას არ დაესწრება.

ოხანაშვილის თქმით, პროცესში მონაწილეობა ომბუდსმენის ვალდებულებაა და არა მისი უფლებამოსილება, ამიტომ ლომჯარიამ გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები უნდა დაასახელოს.

“ამ პროცესში ვინმე ჩართულობაზე თუ უარს ამბობს, ეს არის ძალიან სამწუხარო განცხადება. ეს ყველა ასეთი განმცხადებელი პირის პროფესიულ საქმიანობაზე რა თქმა უნდა აისახება ნეგატიურად. ქალბატონი ნინო ვალდებულია ჩემი აზრით, არა უფლებამოსილი, არამედ ვალდებული, ჩაერთოს პროცესში და გაუწიოს მონიტორინგი ამ პროცესს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დაასახელოს კონკრეტული ფაქტები: რომელი რეკომენდაცია არ შესრულდა პარლამენტის მხრიდან; რომელი პროცესი არ წარიმართა სათანადოდ; რაიმე ხარვეზებს ჰქონდა თუ არა ადგილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მაშინ, როდესაც არ სახელდება არცერთი ობიექტური გარემოება და ომბუდსმენი უფლების დაცვის რეალიზებაზე უარს ამბობს, ეს არის ალბათ არ ვიცი, სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა რომ გაიგონ, ალბათ ეს იქნება გამაოგნებელი ფაქტი, რომ ასეთი რამ ფიქსირდება საქართველოში”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეაში “დიდი კრიზისია”
შემდეგი სტატიამედიცინის კვლევითმა ინსტიტუტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა