“ოცნების” ლიდერები ლოკანტასებსა და ბორდელებს აშენებენ

რატომ ებრძვის ხელისუფლება პატრიარქს, უწყობენ თუ არა მმართველ პარტიაში ივანიშვილს შეთქმულებას, რა კავშირი აქვთ პარლამენტის წევრებს ბორდელებთან? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება.

_ პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პატრიარქს საჯაროდ მიაყენა გაუგონარი შეურაცხყოფა -მან ემზარ კვიციანს იმ დროს გაუთიშა მიკროფონი, როცა ეს უკანასკნელი პატრიარქის ქადაგებიდან კითხულობდა ციტატას. ილია II-თვის ასეთი შეურაცხყოფა არც ერთ მთავრობას არ მიუყენებია.
თავისი ქმედებით ჩუგოშვილმა საკუთარი თავისა და ხელისუფლების ლუსტრაცია მოახდინა. მან, პირველ რიგში, დარტყმა მიაყენა “ქართული ოცნების”ლიდერ ბიძინა ივანიშვილს.
_ ივანიშვილს რატომ მიაყენა დარტყმა?
_ რატომ? ყველას გვახსოვს, როგორ გაავრცელა ერთი კვირის წინ ხელისუფლებამ `ოცნების~ ლიდერის ფოტოები. ამ ფოტოებზე მას ზოგან სანთელი უკავია, ზოგან კი მუხლებზეა დაჩოქილი და ხატებს კოცნის. პარტიის პიარმა გადაწყვიტა, რომ ლიდერი მორწმუნის სახით უნდა წარმდგარიყო ხალხის წინაშე.
ამ პიარსვლიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე პარლამენტის ვიცესპიკერმა ჩუგოშვილმა `ოცნების~ ლიდერის მორწმუნეობას ცივი წყალი გადაასხა. თამარ ჩუგოშვილმა იმ ფარისევლობის ლუსტრირება მოახდინა, რომელიც ხალხს შესთავაზა მმართველმა პარტიამ.
დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ნაციონალების ლიდერებზე მეტად სძულთ ეკლესია. თამარ ჩუგოშვილსა და გიგა ბოკერიას შორის განსხვავება არ არის. ისინი არიან სოროსის მანქურთები.
ჩუგოშვილის ამ გაუგონარმა თავხედობამ თავად “ოცნების” წევრებიც აღაშფოთა. მე დამიკავშირდა პარლამენტის რამდენიმე წევრი. ისინი თვლიან, რომ ვიცესპიკერმა ეს ივანიშვილის წინააღმდეგ სპეციალურად მოაწყო და მის ღრმადმორწმუნის იმიჯს დარტყმა მიაყენა, რითაც თავის პატრონებს ასიამოვნა.
მე არ ვიცი, ეს სპეციალურად “ოცნების” ლიდერის წინააღმდეგ გაკეთდა თუ არა. ამის გაგება არც მაინტერესებს. სამაგიეროდ, ვიცი, რომ ივანიშვილი თავს ვეღარ გაიმართლებს.
_ რატომ ვერ გაიმართლებს? იტყვის, დემოკრატიული ქვეყანაა და ჩუგოშვილს შეუძლია თავისი პოზიციის გამოხატვაო.
_ ივანიშვილი ოფიციალურად არის პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე. ის პასუხს აგებს პარტიის ლიდერების ქმედებებზე. ჩუგოშვილი კი არც პარტიის რიგითი წევრია და არც კარისკაცად დგას პარტიის ოფისში. ეს ქალი პარლამენტის პირველი ვიცესპიკერია, ირაკლი კობახიძესთან და ვანო ზარდიაშვილთან ერთად ჩაბარებული აქვს საკანონმდებლო ორგანო.
მმართველმა პარტიამ ახლა რაც უნდა თქვას, ამას აღარავინ დაიჯერებს. ხალხს ზღაპრების აღარ სჯერა. ხალხს არც ზარდიაშვილებისა და ბახტაძეების პოზიცია აინტერესებს. მათ საქმე და კითხვები ივანიშვილთან აქვთ. შესაბამისად, ვიცესპიკერის გამოხდომაზე მას მოსთხოვენ პასუხს.
მე პატივს ვცემ ათეისტებს, ისინი გამოდიან და ღიად უარყოფენ ღმერთს. ათეისტები ბევრად უკეთესები არიან იმათზე, ვისაც ერთ ხელში სანთელი უკავია, ხოლო მეორე ხელით ანტიეკლესიურ საქმეს აკეთებს.
29 მარტიდან მოყოლებული, “ოცნების” ლიდერები ცდილობდნენ, ღრმადმორწმუნის იმიჯით გასულიყვნენ ხალხში, მაგრამ ჩუგოშვილმა ერთი ქმედებით მათ ფარისევლობას ფარდა ახადა.
_ 29 მარტის მერე მართლა დიდ რწმენაში ჩაცვივდნენ ხელისუფალნი. ივანიშვილი რამდენიმე მეუფეს შეხვდა. გახარია მეუფე გერასიმეს არ შორდება.
_ მეუფეებისა და ივანიშვილის ურთიერთობა ცალკე თემაა. ამაზე საუბრისგან ყოველთვის თავს ვიკავებდი, არ მინდა, ეკლესიასა და იმ მეუფეებს მივაყენო ჩრდილი, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე არიან. ასეთი მეუფეები საქართველოს მრავლად ჰყავს.
სამწუხაროდ, არიან ისეთი მღვდელმთავრები, რომლებიც ეკლესიას იმიჯს ულახავენ. ზოგიერთი მათგანის განცხადებები მაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ივანიშვილის შუშის სასახლეს რაღაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს.
_ რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ იქ ადამიანები პავლედ შედიან და სავლედ გამოდიან. შუშის სასახლიდან გამოსულმა ერთ-ერთმა მეუფემ ეგრევე იცვალა ფერი. ამ ხალხს მღვდელმთავრებს ვერ ვუწოდებ. ამით ჭეშმარიტ სასულიერო პირებს მივაყენებ შეურაცხყოფას.
ეკლესიის წიაღში ბევრი აგენტია შეგზავნილი. გარედან ხომ ბოკერია-ხიდაშელი-ჩუგოშვილი ცდილობენ ეკლესიის დანგრევას, შიგნიდან შეგზავნილები აკეთებენ ამას.
დადგა დრო, ყველასა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. მორიდების დრო აღარ არის. 3 აპრილს პატრიარქს გაუგონარი შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის ვიცესპიკერმა. ამის გამო არც ერთ სასულიერო პირს აღშფოთება არ გამოუხატავს.
თუ დუმილი ივანიშვილის შუშის სასახლეში სტუმრობაში იცვლება, სადაც უხვად გაიცემა დაპირებები, მაშინ ეს სასულიერო მოღვაწეობა აღარ არის. ეს მეუფეები ადგნენ და თავიანთ თავს პირდაპირ ბიზნესმენები დაარქვან და “ოცნების” ლიდერს სთხოვონ, რომ “ქართუ ჯგუფში” დაასაქმონ.
_ სასულიერო პირები დუმან. საზოგადოებაც აღარ იღებს ხმას. პოლიტიკოსებიდანაც მხოლოდ რამდენიმემ ამოიღეთ ხმა. ამ დუმილს რით ხსნით?
_ საზოგადოებამ ჩუგოშვილის თავხედობა გააპროტესტა, პოლიტიკური წრეები კი ამ თემაზე საუბარს ერიდებიან. მოდით, ისიც ვთქვათ, რომ ესენი არ არიან პოლიტიკოსები. ისინი უფრო თითლიბაზები არიან. ზოგი მათგანი აშშ-ზეა დამოკიდებული, ზოგი _ რუსეთზე, ზოგი _ ივანიშვილზე. აქედან გამომდინარე, ისინი დუმილის უფლებას იყენებენ, ეშინიათ, რამე ისეთი არ წამოსცდეთ და ამის გამო სარჩო-საბადებელი არ დაკარგონ. ისინი არც მომავალში ამოიღებენ ხმას.
დღეს პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ორ რიგად არის გაყოფილი. ერთი რიგი ივანიშვილის კარზე დგას, მეორე – სააკაშვილის. ერთნი “ოცნების” ლიდერისგან ელოდებიან წყალობას, მეორენი – ნაციონალების მამისგან.
გაინტერესებთ, რაში მდგომარეობს წყალობა? ყველა მათგანს დეპუტატობა უნდა და ყველაფერს აკეთებენ, რომ დეპუტატის მანდატი ჩაიდონ ჯიბეში. ამ მანდატით, სულ მცირე, 4 წელი უზრუნველად იცხოვრებენ.
მინდა, თქვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ აქ არც რევოლუციისა და არც არჩევნების გზით არავის აინტერესებს ხალხის სასიკეთოდ რამის შეცვლა.
თქვენ რა გგონიათ, მიშამ რომ მოიგოს არჩევნები, ის აქ ფრთიან ანგელოზად ჩამოვა? ის ისევ იმად დარჩება, რაც აქამდე იყო. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ რომ გაიმარჯვოს არჩევნებში, არც ის შეიცვლება. ის ისევ ისე გააგრძელებს საქართველოს ჭაობში ჩაძირვას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა.
ხალხმა ერთი რამე უნდა შეიგნოს – ნაციონალური მოძრაობა და “ქართული ოცნება” საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალები არიან. პოლიტიკური ასპარეზიდან ორივე ერთად უნდა გავუშვათ. მარტო ერთის გაშვების შემთხვევაში არაფერი შეიცვლება. ორივე უნდა წავიდეს და თან გავაყოლოთ სატელიტი პარტიები.
_ სანდრო, თქვენ ზემოთ თქვით, რომ `ოცნების~ დეპუტატები ამბობენ, ჩუგოშვილმა პატრიარქს შეურაცხყოფა იმიტომ მიაყენა, რომ ივანიშვილისთვის ზიანი მიეყენებინაო. ამ ვერსიის რატომ არ გჯერათ? თავად გაქვთ ნათქვამი, რომ კობახიძის კლანი, რომელშიც ჩუგოშვილიც შედის, ივანიშვილის ჩაძირვას აპირებს.
_ “ოცნების” რამდენიმე დეპუტატი ამას დაჟინებით მიმტკიცებს, რაც მე არ მჯერა. სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ესენი ჩვეულებრივი ხლისტები არიან. როგორც ნარკომანს მოუვლის ხოლმე ნარკოტიკის გაკეთების დაუოკებელი სურვილი, ასევე ხლისტებს უნდებათ ხოლმე ეკლესიის და ეროვნულობის ლანძღვა.
მე უფრო მგონია, რომ ჩუგოშვილმა თავი ვეღარ შეიკავა და ამით მმართველი პარტიის ფარისევლობას ლუსტრაცია გაუკეთა.
მე არც “ოცნების” იმ წევრების მჯერა, რომლებიც ჩემთან საუბარში მართლმადიდებლობაზე დებენ თავს, ხოლო საქმე საქმეზე მიდგება, ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. ისინი მართლა მართლმადიდებლები რომ ყოფილიყვნენ, ჩუგოშვილს ვიცესპიკერად არ აირჩევდნენ. ყველამ იცის, რომ ეს ქალი კაბაში გადაცმული გიგა ბოკერია და რაფინირებული დომენიკ მანგოა.
მართალია, ამ ქალზე ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ ჩემი და საზოგადოების ინტერესის საგანი ის არ უნდა იყოს. ჩვენ პასუხი `ოცნების~ ლიდერისგან უნდა მოვითხოვოთ, რომელიც ყოველდღე გვაყენებს შეურაცხყოფას.
“ოცნების” ლიდერის ხატების მუხლებზე დამხობა თუ ფარისევლობა არ არის, გამოვიდეს და დაგმოს თავისი თანაპარტიელის თავხედობა. ის ამ განცხადებით რომ აღშფოთებულიყო, უკვე ექნებოდა რეაქცია. მისი დუმილი ბევრ რამეზე მეტყველებს.
_ რაზე მეტყველებს?
_ იმაზე, რომ პატრიარქს ისიც ებრძვის.
_ მიზეზი?
_ მას არ მოსწონს ის ადამიანები, ვისაც მაღალი ნდობა აქვს. მოდით, ვაღიაროთ, რომ ციანიდის სკანდალი არის `ოცნების~ დადგმული სპექტაკლი და შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა არავის უნდოდა. ეს ქალი საპატრიარქოდან მოსაცილებელია, მაგრამ მის მოკვდინებას არავინ აპირებდა.
ხელისუფლებამ ეს ყველაფერი ლიბერასტებთან ერთად მოიფიქრა და სერიოზული სკანდალიც დადგეს. გაგახსენებთ, რის მერე დაიწყო ციანიდის სკანდალი. ეს სკანდალი მოჰყვა ენდიაის კვლევებს. ამ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 80% ენდობოდა საპატრიარქოს.
საპატრიარქოს ამხელა რეიტინგმა ლიბერასტები და ხელისუფლება ერთად შეაშფოთა. მათ ერთად მოიფიქრეს ეს საშინელება.
_ სკანდალი კი დადგეს, მაგრამ ეკლესია მაინც ვერ დააზარალეს. პატრიარქია და ეკლესიის რეიტინგი მაინც მაღალია.
_ პატრიარქის რეიტინგი ისევ მაღალია, მაგრამ ეკლესიის რეიტინგი შემცირდა. ასეთი დაბალი რეიტინგი საპატრიარქოს კომუნისტების დროსაც კი არ ჰქონია.
“ოცნების” ლიდერებს რატომღაც ჰგონიათ, რომ თუ ეკლესიას დაასუსტებენ, ამით თავად მიიღებენ პოლიტიკურ დივიდენდებს. ივანიშვილს იმისაც სჯერა, რომ რომელიმე მეუფეს თუ მილიონს აჩუქებს, ამით მთელ ეკლესიას იყიდის.
საბედნიეროდ. ჩვენს ეკლესიაში მრავლად არიან ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც არანაირ ფულზე არ გაიყიდებიან. ეს ივანიშვილმაც კარგად უნდა გაითავისოს.
ამ ადამიანს რომ ვუყურებ, მიჩნდება განცდა, რომ ის გამოცვალეს. ეს ის ბიძინა არ არის, რომელიც 2012 წელს გავიცანი.
_ ამას ხშირად ამბობთ. რამე ხომ არ იცით და გვიმალავთ?
_ მე ის ვიცი, რომ ეს ის ბიძინა არ არის. ზოგჯერ მგონია, რომ ის კი არა, მისი ორეული მართავს ქვეყანას.
_ ამ ბიძინებს შორის რა განსხვავებაა?
_ 2012 წელს ის სულ სხვანაირი იყო, სხვანაირად აღიქვამდა სამშობლოს, ეკლესიას. ახლა სულ სხვაა. ეს ადამიანი გარეგნულადაც კი სხვანაირია. ამიტომ მგონია, რომ `ოცნების~ სათავეში მისი ორეულია. ეს ადამიანი გიგა ბოკერიასგან სახელითა და გვარით განსხვავდება მხოლოდ.
ამაზრზენია ივანიშვილის განცხადებები ზვიად გამსახურდიაზე. მე მაინც არ ვიცოდე, რას ფიქრობს ის პირველ პრეზიდენტზე. კარგად მახსოვს, რაები აქვს ნალაპარაკევი ზვიადზე. გარდაცვლილი ადამიანებით ვაჭრობა არ შეიძლება.
თავი შეიკავონ პირველი პრეზიდენტის ხსენებისგან და ნუ ამალაპარაკებენ, თორემ ზუგდიდში თავზე დაემხობათ ყველაფერი.
მმართველ პარტიას ნამუსი რომ ჰქონოდა, ზუგდიდში მერობის კანდიდატი არ უნდა დაესახელებინა. 1,5 წლის წინ დიდი ზარ-ზეიმით აარჩევინეს მერი, რომელიც რამდენიმე თვის წინ კორუფციის ბრალდებით დააკავეს. რა ნამუსით მიდიან ხალხთან კიდევ ერთხელ?
ეს პარტია ჩაიხრჩო კორუფციაში. მედიით გამოქვეყნდა აჭარის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის საუბარი. ახლა ეს კაცი პარლამენტის წევრია.
ხაბაძე “ოცნების” ლიდერებს პირდაპირ ამხელს კორუფციაში, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერზე ამბობს, რომ მას ტირ-პარკი აქვს. ამ ტირ-პარკებში ლოკანტასები – ბორდელებია გახსნილი, სადაც მძღოლებს ქალებს ახვედრებენ. ბარაქალა “ქართულ ოცნებას”, თუ მისი ლიდერები ლოკანტასებსა და ბორდელებს აშენებენ.

შორენა მარსაგიშვილი

“ახალი თაობა”

 

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯაში აბიტურიენტებს ჰპირდება, რომ “ქართული ოცნება” დანაპირებს შეასრულებს და გამოცდები გაუქმდება
შემდეგი სტატიაპოლიციამ მარნეულში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნ