“ოცნება” კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფას აგრძელებს” – ხატია დეკანოიძის ბრიფინგი

ოპოზიცია საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფიდან არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მოხსნას პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს. საკითხთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგი გამართა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს.

“სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების შესრულების უგულებელყოფა გრძელდება. ამას ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყველა პროცესს ჩამოაცილონ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობაზე მომუშავე ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“. ასევე, გუშინ გახდა ცნობილი, რომ სასამართლო სისტემაზე მომუშავე მნიშვნელოვანი ექსპერტთა ჯგუფი, მათ შორის ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც მუშაობს სასამართლო რეფორმაზე წლების განმავლობაში და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე, ჩამოაცილეს პროცესს.

“ქართული ოცნების” ანტიდასავლური კამპანია, ანტიამერიკული და ანტიევროპული გზავნილები, მიზანმიმართული თავდასხმების აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებზე, გავლენიანი სამოქალაქო ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე არის სწორედ იმის დასტური, რომ მათ მიერ ჩაგდებული კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი გრძელდება. პროცესი უნდა ყოფილიყო ინკლუზიური, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობით, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციების ჩართულობით, რომლებიც მუშაობენ საარჩევნო რეფორმასა და სასამართლო რეფორმაზე, მაგრამ სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ამ ვალდებულებების შესრულებას.

საქართველოში ოლიგარქიული სისტემის ჩამოცილება მმართველობიდან, ზუსტად არის ის, რაც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას. მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. სამწუხაროდ, არცერთი რეკომენდაციების შესრულება და კანდიდატის სტატუსი მიღება არ არის “ქართული ოცნების” მმართველობის ინტერესებში”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და სხვა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორთან ერთად აგრძელებენ მუშაობას იმ პაკეტზე, რომელიც სასამართლო და საარჩევნო რეფორმის განსახორციელებლად უმოკლეს დროში უნდა იქნას მიღებული.

banner
წინა სტატიაშიReuters-ი – ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ღირებულების დამატებით დახმარებას ამზადებს
შემდეგი სტატიაზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნებისმიერი სახით დაზიანება თვითმკვლელობა იქნება – გუტერეში