ნინო ლომჯარია თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ლომჯარიამ განაცხადა, ეს იყო ზოგადი ხასიათის შეხვედრა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარებს აინტერესებთ სახალხო დამცველის შეფასებები, ასევე ხედვა 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით.

„ვესაუბრე მათ, რომ 12 პუნქტთან დაკავშირებით, მთელ რიგ საკითხებზე არსებობს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციები. ჩემი ერთ-ერთი მთავარი შეთავაზება ევროკომისიის მიმართ იყო და ევროდეპუტატებსაც გავუზიარე, რომ საჭიროა მათი მხრიდან უფრო მეტი სიცხადის შეტანა. მათ შორის იმასთან დაკავშირებითაც, ეს დაწყებული პროცესი და ფორმატი რამდენად მისაღებია, რამდენად სწორად ხდება ამ პუნქტების შესრულების ინტერპრეტაცია, მათ შორის ხელისუფლების, თუ ოპოზციის მხრიდან. ვთქვი, რომ კარგი იქნება, თუ სამუშაო ფორმატები შეიქმნება და უფრო რეგულარული გახდება, რასთან დაკავშირებითაც, ინფორმაციის მუდმივი გაცვლა იქნება. როგორც მივიღე ინფორმაცია დელეგაციის წევრებისგან, ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა უკვე გაიმართა ევროკომისიასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. კარგი იქნება, თუ ამ ტიპის შეხვედრების შესახებ მოხდება საზოგადოების საჯარო ინფორმირება. ძირითადად ვისაუბრეთ ამ ფორმებზე.

უფრო მეტად, მათ აინტერესებდათ ჩემი ხედვა, რა მოლოდინები მაქვს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესის მიმართ. აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინსტიტუტი. ვუთხარი, რომ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ რეკომენდაციაში საუბარია კომისიის მხრიდან სახალხო დამცველის არჩევაზე, ეს არის იმედის მომცემი, რადგან ამ შემთხვევაში, უფრო მეტი ბერკეტი გვექნება ხელთ, რომ მოვახდინოთ პოზიტიური ზემოქმედება პროცესებზე, რათა მოხდეს სახალხო დამცველის ინკლუზიური და გამჭირვალე პროცესით არჩევა. ისინი ინფორმირებული არიან, რომ მათ მიმართაც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართაც არსებობს ასეთი ორგანიზებული შეტევა და კამპანია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიშეეძლო უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო – სამხარაძე ჰარცელზე
შემდეგი სტატიასაფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში გამართულ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეხმაურება