ნინო ბურჯანაძე: უმუშევრობა მთავარი პრობლემა იმიტომ არის, რომ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური პრობლემები არ არის გადაწყვეტილი

ვთვლი, რომ საქართველოს ჰაერივით სჭირდება გამოცდილი პოლიტიკოსი, – განაცხადა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„მოდით, ახალგაზრდებს დავუთმოთ სპორტი და ის, რაც ახალგაზრდების გასაკეთებელია. ისინი პოლიტიკაში შემოვიყვანოთ და თანდათან აღვზარდოთ. გულწრფელად გეტყვით, ათი წლის წინანდელი და დღევანდელი ნინო ბურჯანაძე ერთი და იგივეა?!“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ამ განცხადებით ნინო ბურჯანაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად გულისხმობს პარტიის რებრენდინგი მისი პირადი პოლიტიკური იმიჯის ცვლილებას და ანტიისტებლიშმენტური, ანტიელიტისტური ტენდენციების ასახვას, რომელიც დასავლეთში და მათ შორის, საქართველოშიც დაიწყო, როცა ტრადიციული პოლიტიკოსებისადმი საზოგადოების განწყობები რადიკალურად შეიცვალა.

პირველი არხის ანალიტიკოსის, ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას ახალი ხედვები ძველი პრობლემების, მაგალითად, უმუშევრობის მოსაგვარებლად, რაც საქართველოს ოცდაათი წლის განმავლობაში აწუხებს, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ უმუშევრობა მთლიანად ვერ აღმოიფხვრება, მაგრამ ის გონივრულ მონაცემებამდე რომ შემცირდეს, ამისთვის აუცილებელია, ქვეყანამ შიგნით აამუშაოს ეკონომიკური მექანიზმები, რათა გაჩნდეს საწარმოები, სადაც ადამიანები იმუშავებენ.

„ამისთვის საჭიროა ის, რომ მთავრობა ჰქონდეს სტრატეგია – ქვეყანა იყოს ორიენტირებული არა მხოლოდ იმაზე, რომ საქართველოდან ნედლეული გადიოდეს, არამედ იმაზე, რომ პროდუქცია აქ იქმნებოდეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, უმუშევრობა მთავარი პრობლემა იმიტომ არის, რომ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური პრობლემები არ არის გადაწყვეტილი, ეს პრობლემა კომპლექსურად უნდა მოგვარდეს და ამიტომ არის აუცილებელი, ქვეყნის ხელისუფლების სათავეში პოლიტიკოსი იყოს, გუნდის წევრებთან ერთად.

„სანამ ქვეყნის სათავეში არ იქნებიან პროფესიონალები და ადამიანები ხელისუფლებაში პირადი ერთგულებისა და მონური ერთგულების ნიშნით მოვლენ, სანამ პარლამენტი არ იქნება ნორმალური, სადაც ეკონომიკის კომიტეტში ეკონომისტები დასხდებიან და ვიღაცისთვის სასიამოვნო კანონებს კი არ მიიღებენ, არამედ ისეთს, რომელიც სწორ პრეფერენსიებსა და ტარიფებს დააწესებს და ინვესტიციებს შეუწყობს ხელს, სანამ ინვესტორს არ ეცოდინება, რომ თუ სასამართლო ხელისუფლებასთან შეხება დასჭირდება, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სანამ მას არ ეცოდინება, რომ ქვეყანა სტაბილურია და ხვალ რომელიმე ტანკი არ შემოგრუხუნდება, ან არჩევნების კიდევ ერთხელ გაყალბების გამო რევოლუცია არ დაიწყება, მანამდე უმუშევრობას არაფერი ეშველება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიმორიგი შეფერხება მეტროში – “სადგურის მოედანზე” ნახევარი საათია მგზავრების გადაყვანა ვერ ხერხდება
შემდეგი სტატია​მგალობლიშვილის ქუჩა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მეორედ დაიტბორა