ნინო ბურჯანაძე – სარალიძეს, მაჩალიკაშვილსა და ყველა უდანაშაულოდ დაჩაგრულ ადამიანს გვერდით ვუდგავარ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 12, 2018 01:23

ნინო ბურჯანაძე – სარალიძეს, მაჩალიკაშვილსა და ყველა უდანაშაულოდ დაჩაგრულ ადამიანს გვერდით ვუდგავარ

როცა ადამიანს სისტემა დაუპირისპირდა და მოხდა სისტემური დანაშაული, როცა მთავარი პროკურორი გადადგა, როცა ვითხოვთ იუსტიციის მინისტრის გადაყენებას და შესაბამისი სტრუქტურების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ბუნებრივია, ეს პოლიტიკური პროცესებისა და შეფასებების გარეშე ვერ მოხდება, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, სრულიად საქართველო, ყველა სოლიდარული უნდა იყოს, ადამიანები ერთმანეთის გვერდით უნდა დადგნენ და პოლიტიკური კომპონენტი გვერდით უნდა იქნას გაწეული, მაგრამ როგორც ბურჯანაძე ამბობს, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დაკარგა თუ არა პროცესში პოლიტიკური პარტიების ჩართულობამ და ტრიბუნიდან პოლიტიკური მოთხოვნების დაყენებამ აქციის მთავარი ლოზუნგი – „ნუ მომკლავ“, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ აქ სხვა შეცდომები იქნა დაშვებული.

„აქციის ორგანიზატორები მოქმედებისას, გარკვეულწილად, არათანმიმდევრული იყვნენ, მათ შორის იმიტომ, რომ ისინი და აქციის მონაწილეები რაღაცნაირად ცდილობდნენ, პოლიტიკური პროცესისგან, თავად არსისგან მაქსიმალურად ყოფილიყო დისტანცირება. ერთია პოლიტიკური გემოვნება, ვინმეს მიმღებლობა, თუ მიუღებლობა, მაგრამ ყველა პოლიტიკურ პარტიას გაცილებით მეტი აქტიურობა უნდა გამოგვეჩინა. როგორც ჩანს, გარკვეულწილად, ამან ჩვენზეც იმოქმედა და გარკვეული კომპლექსიც იყო, რომ არ დაგვბრალებოდა, თითქოს, ამას პოლიტიკური მიზნებისთვის ვიყენებდით. პარტიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ პროცესისგან დისტანცირება მოახდინა და ამანაც განაპირობა ის, რომ პროცესი პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში გადავიდა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, თუ პოლიტიკური პროცესი არ განხორციელდა, აქციები ემოციების დონეზე დარჩება და დამნაშავე რეალურად არ დაისჯება.

„პოლიტიკურმა პარტიამ ეს საკუთარი ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს, თორემ პოლიტიკური პარტია რომ იტყვის, მთავარი პროკურორი უნდა გადადგესო, ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესია, მაგრამ ხალხი სისტემის შეცვლას ითხოვს და თუ პოლიტიკური პროცესი არ განვითარდება, მაშინ რა უნდა იყოს, ქაოსი?!“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შეუერთდება თუ არა მისი პარტია აქციებს იმ შემთხვევაში, თუ აქციები გაგრძელდება, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ის არაფერს არ უერთდება და არც აკლდება.

„პოლიტიკური, ან არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მე ვიღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, როდის რა მოქმედებაა საჭირო. თანაგუნდელებთან ერთად, სარალიძეს, მაჩალიკაშვილსა და ყველა უდანაშაულოდ დაჩაგრულ ადამიანს დღესაც გვერდით ვუდგავარ და რა მიმართულებით ვიმოქმედებთ, ეს სამომავლოდ გამოჩნდება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 12, 2018 01:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,878
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics