ნინო ბურჯანაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ აქვს

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ აქვს, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერია განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომელიც პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნებას ეხებოდა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, გიგა ბოკერია ამ განცხადებით, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თითქოსდა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს რაიმე შანსი ხელისუფლებაში მოსვლის და კეთილ ჟესტებს აკეთებს „ქართული ოცნების“ მისამართით.

„ეს არის ერთის მხრივ მიზანი, რომ მაქსიმალური მობილიზაცია გააკეთონ ამომრჩევლის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების, დაარწმუნონ ეს ადამიანები, რომ ხელისუფლებაში მოდიან. მეორეს მხრივ, ეს არის “ქართული ოცნების” წისქვილზე წყლის დასხმა, რადგან „ოცნების“ ლიდერებსაც აწყობს ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ასეთი საფრთხობელას სახით გამოდიოდეს არჩევნებზე, რომ მაქსიმალურად მოხდეს ოცნების მხარდამჭერების მობილიზება, იმის შიშით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მობრუნდეს ხელისუფლებაში. ეს თამაში სრულიად ნათელი და გასაგებია იმ ადამიანებისათვის, ვინც პოლიტიკაში არიან. ასევე ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ მერყევი ადამიანები, ვინც არიან ახლა ხელისუფლებაში, არ იყვნენ დაშინებულები, რომ თითქოს და „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დაბრუნებით”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ აქვს.

„ეს „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოჰაბიტაციის ახალი ფორმაა, როგორმე შეძლონ ამომრჩევლების პოლარიზება, რომ შეინარჩუნონ ის, რაც აქვთ. რაც შეეხება მათ განცხადებას ე.წ. პოლიტიკური ამნისტიის შესახებ, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი ამნისტია არ იქნება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. ჩვენი მოსახლეობა დაიღალა ამდენი დაპირებით, ამდენი შანტაჟით და დანაშაულებით, რომელიც სხვადასხვა დროს ხელისუფლებების მიერ ხდება. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც დასასჯელია, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღდგეს სამართლიანობა. კანონები უნდა კანონობდეს. მე ვპირდები მოსახლეობას, რომ ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ დაისჯება არც ერთი უდანაშაულო ადამიანი, მაგრამ არ დარჩება დაუსჯელი ადამიანი, ვისაც რაიმე დანაშაული ექნება ჩადენილი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ფხალაძე: რომის პაპის საქართველოში ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიარომის პაპი საქართველოშია