ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლება ამ წარმოუდგენელ ნაბიჯზე წავიდა, რათა მოლაპარაკებები ჩაეშალა

„აქ მყოფ არც ერთ ადამიანს არავითარი სურვილი, არც არასტაბილურობის, არც მოლაპარაკებიდან გასვლის, არც მით უფრო, რევოლუციის არ ჰქონდა და არ აქვს“, – ამის შესახებ, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არ ახსენდება არც ერთი პერიოდი, როდესაც ადამიანს ერთი და იგივე დანაშაულისთვის ორჯერ ასამართლებდნენ. ბურჯანაძის განცხადებით, ეს არის სამართლებრივი ნორმების დარღვევა, აბსოლუტური იგნორირებაა და საქართველოში კანონი უბრალოდ აღარ არსებობს.

„დღეს ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად შეგნებულად მიიღეს, რადგან ხელისუფლებამ იცოდა, რომ ოპოზიციას დიპლომატიურ კორპუსთან კონსულტაციების შედეგად სერიოზული კონსტრუქციული წინადადებები ჰქონდა, რომელებზეც ხელისუფლების მხრიდან უარის თქმა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. ხელისუფლება ამ წარმოუდგენელ ნაბიჯზე წავიდა, რათა ჩაეშალა მოლაპარაკებები, ფორმალურად კი ისე უნდა წარმოეჩინათ, რომ მოლაპარაკების პროცესის ჩაშლა ჩვენ უნდა დაგვბრალებოდა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაზემო ფონიჭალაში სარაგბო კომპლექსი აშენდება და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა