ნინო ბურჯანაძე – ჩვენი პარტიის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რადგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად საეტაპო არჩევნებია

ჩვენი პარტიის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, იქიდან გამომდინარე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად საეტაპო არჩევნებია, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ძალიან ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, რა ცვლილებები შეგვეტანა პარტიის სახელწოდებაში, ლოგოში, თვითონ პარტიის სტრუქტურაში და ა.შ. ლოგოს და დროშის ცვლილება პრინციპში, იძულებითი იყო, რადგან როდესაც 2008 წელს დროშისთვის ლურჯი-ცისფერი ფერების შეხამება ავიღეთ, მაშინ ეს აბსოლუტურად ჩვენი ექსკლუზივი იყო, შემდეგ კი, ზუსტად იგივე ფერები აიღო „ქართულმა ოცნებამ“, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და ლამის, „ევროპულმა საქართველომაც“ . ამიტომ, ჩავთვალეთ, რომ რაღაცნაირად, სიახლე ისევ ჩვენ უნდა შემოვიტანოთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, პარტიის დროშით და ლოგოთი, რომლებზეც ფორთოხლის ფერზე თეთრი და ლურჯი მუხაა გამოსახული, პარტიის ხასიათია ნაჩვენები.

„დროშით და ლოგოთი გვინდოდა, გვეჩვენებინა, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფასეულობები. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა. ერთი მხრივ, გვინდოდა გვეთქვა, რომ ეს არის ტრადიციული, კონსერვატორული პარტია, რომელიც ეფუძნება ტრადიციულ, ეროვნულ ფასეულობებს და ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ღირებულებებს, მაგრამ ამავდროულად, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის რეგრესი და მხოლოდ უკან, ტრადიციებზე ხედვა; ეს არის აუცილებლად პროგრესი, ქვეყნის წინსვლა და ა.შ.“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ქართველისთვის მუხა სიძლიერის, სიმტკიცის, გამძლეობის და შეუდრეკელობის სიმბოლოა და რადგან არსებობდა სურვილი, დროშასა და ლოგოზე ქრისტიანული სიმბოლიკაც ყოფილიყო, გადაწყდა, რომ მუხაზე ვარსკვლავები გამოსახულიყო.

„ცენტრალური ვარსკვლავი ეს არის ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც ქრისტეს და შობის სიმბოლოა, ხოლო ყველა დანარჩენი ვარსკვლავი რვაქიმიანია, რაც მარადიულობის, იდეალების, სულიერი აღორძინების სიმბოლოა, რაც ჩვენს ქვეყანას ასე სჭირდება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ლოგოზე 33 ვარსკვლავია გამოსახული, რადგან ეს რაოდენობა ქართულ ანბანში არსებული ასოების რაოდენობის შესაბამისია და ამავდროულად, ეს არის მაცხოვრის დედამიწაზე ყოფნის 33 წლის მაჩვენებელი.

მისივე თქმით, პარტიის დროშის და ლოგოს ფერი ნარინჯისფერია, რაც ოპტიმიზმის, თავისუფლების და გამრავლების ფერია.

„ამას ნამდვილად შეგნებულად მივაქციე ყურადღება. იმიტომ, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობა აბსოლუტურად კატასტროფულია და სიმბოლოშიც უნდა გამოვხატოთ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ნამდვილად იქნება ქვეყნის თავისუფლების, სიმტკიცის, მაგრამ ასევე, დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების საკითხი; ლურჯი სამართლიანობის, ერთიანობის, სტაბილურობის, ღრმა ანალიზის და ფიქრის სიმბოლოა, რაც ასევე ძალიან სჭირდება და აკლია ჩვენს ქვეყანას; თეთრი ერთგულების სიმბოლოა და რაც მთავარია, პოლიტიკაში ეს არის სოციალური სამართლიანობის და კონფლიქტების თავიდან არიდების სიმბოლო, რაც ქვეყანას ნამდვილად ძალიან სჭირდება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, პარტიის სახელწოდებაში „ერთიანი საქართველო” იმიტომ დადგა პირველ ადგილას, რომ პოლარიზებული და დაპირისპირებული საზოგადოება გამორიცხავს ერთიანობას, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მისივე თქმით, დემოკრატია და ევროპული ტიპის სახელმწიფო ასევე რჩება უმთავრეს ღირებულებად.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში მთვრალმა პოლიციელებმა ხუთი წლის ბავშვი მოკლეს
შემდეგი სტატიაროგორ გავიდა გამოძიება მიხეილ კალანდიაზე