ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის ნაწილი შანტაჟისა და საბოტაჟის რეჟიმშია

„პარლამენტი ლეგიტიმურია და ის აღიარა მსოფლიო საზოგადოებამ. მაგრამ ის რომ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ შემოდის, კარგ სურათს არ ქმნის“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ნამდვილად არ არის სასიამოვნო იმის ხილვა, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. მე ვიტყოდი, რომ მათი ნაწილი შანტაჟისა და საბოტაჟის რეჟიმშია, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს პარლამენტის ფუნქციონირებას არ უშლის ხელს. პარლამენტი ლეგიტიმურია და ის აღიარა მსოფლიო საზოგადოებამ. მაგრამ ის რომ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ შემოდის, კარგ სურათს არ ქმნის.

ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას რამდენიმე მიმართულებით მუშაობა და პირველ რიგში ეს ეხება საარჩევნო საკითხებს. საარჩევნო რეფორმა ძალიან მრავალწახნაგოვანი რეფორმაა, რომელიც ცესკოში კომისების დაკომპლექტების საკითხსაც ითვალისწინებს. ერთ-ერთი რჩევა, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოდის, ესაა პროფესიონალიზაცია ამ საარჩევნო ადმინისტრაციის და ჩვენ მზად ვართ, რომ ამაზე ვისაუბროთ. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა – ბარიერი.

ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ 5 პროცენტიანი ბარიერი შეიძლება არ იყოს მისაღები პატარა პარტიებისთვის იქედან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ პერსპექტივა, ეს ბარიერი გადალახონ 2024 წელს. ამიტომ, ჩვენთვის ესეც არის მსჯელობის საკითხი და შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამაზე. მესამე – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – ელექტრონული კომპონენტის შემოტანაა, იმისათვის, რომ ის თვითმმართველობის არჩევნებზე დაინერგოს, რა თქმა უნდა საჭიროა, რომ ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი დროულად შემოვიდეს პარლამენტში და მათთან ერთად დავნერგოთ ეს რეფორმა.

ამ შემთხვევაში ყველანაირი კითხვის ნიშანი მოიხსნება, რადგან ელექტრონული არჩევნები იძლევა ბიულეტენების იქვე დათვლის საშუალებას. ეს არის ერთ-ერთი აპრობირებული ტექნოლოგია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი პარტნიორებიც მხარს უჭერენ ამ მოდელის დანერგვას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: თებერვლიდან გააქტიურდება მუშაობა
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: თავმდაბალი ადამიანი ვარ და არ ვიტყვი მანქანაზე უარს, უბრალოდ, ძალიან გაცვეთილია ჩემი მანქანა, რომელიც 2006 წლის მანქანაა