ნიკა მელია : ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის შელახული კონსტიტუციური უფლება უნდა აღდგეს

საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა აღდგეს ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის, კონსტიტუციური უფლება, რომელიც შეილახა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება პარლამენტიდან დეპუტატის გამოძევება იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული.

ამასთან, მელიას განმარტებით, გადაწყვეტილება ვერ იქნება კანონიერ ძალაში შესული, ვიდრე არ ამოიწურება გასაჩივრების ყველა შესაძლებლობა.

„პირველ რიგში, მაინტერესებს, რამდენად გვაქვს ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლო და რამდენად არის მზად საკონსტიტუციო სასამართლო, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. არ მოგატყუებთ და ჩემს პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით გეტყვით, არანაირი სურვილი არ მაქვს, ვიყო იმ ბატონების კოლეგა, რომლებიც არიან წარმოდგენილი „ქართულ ოცნებაში“. საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა აღდგეს ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის, კონსტიტუციური უფლება, რომელიც შეილახა, კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების საფუძველზე, პარლამენტარის გამოძევება პარლამენტიდან არის წარმოუდგენელი. კანონიერ ძალაში შესულად გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება, ვიდრე არ ამოიწურება გასაჩივრების ყველა შესაძლებლობა. მე რომ ახლა სააპელაციო სასამართლოში მოვიგო (ვასაჩივრებთ იმ დადგენილებას, რომლითაც გამომაგდეს პარლამენტიდან), არ არსებობს ინსტრუმენტი, რომლითაც მე დავბრუნდები პარლამენტში. ეს ინსტრუმენტი დევს აქ, საკონსტიტუციო სასამართლოში“ ,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იმ დადგენილების გაუქმება იქნება, რომლის საფუძველზე პარლამენტიდან გააძევეს.

„ჩემზე კარგად იციან მოსამართლეებმა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მათ უნდა მიიღონ, არის იმ დადგენილების გაუქმება, რის საფუძველზეც მე გამომაძევეს, მოხდეს ჩემი კონსტიტუციური უფლებების აღდგენა, ვიდრე გასაჩივრების პროცედურები არ ამოიწურება მეორე და მესამე ინსტანციაში სასამართლოში. აქამდე საკონსტიტუციო სასამართლოში ურთიერთობის არანაირი გამოცდილება არ მქონია, მინდა, გავერკვე, რა დოზით არის შემოსული ბიძინა ივანიშვილის გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოში.იმედი მაქვს, რომ მათ პროფესიულ ღირსებას წინ დააყენებენ, ვიდრე სხვა რაიმე გავლენას, რომელიც არაერთ ადმინისტრაციულ ორგანოს თავს ახვევია“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკანორ მელიას სარჩელს განიხილავს.

ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის იმ დადგენილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.

დადგენილება მიღებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ნიკა მელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნეს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : პარტნიორებთან საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობას გავაგრძელებთ, ხოლო ოპოზიციას არჩევნებზე შევხვდებით
შემდეგი სტატიაიმერეთის რეგიონში თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა