ნიკა მაჭუტაძე: 20 თეზისი პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით

კიდევ ერთხელ პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით.
20 თეზისი.
წარმოგიდგენთ ჩემს თეზისებს, რომლითაც გამოვდიოდი საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის, არსებული სახელმწიფო-კონსტიტუციური და ინსტიტუციური წესრიგის დასაცავად.
ამ თეზისებს წარმოვადგენდი მუდამ, როგორც მოქალაქე და როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.
ამ თეზისებს ვაჟღერებდი სხვადასხვა დროს საჯარო სივრცეში, ჰქონდა მაღალი გამოხმაურებები, მაგრამ კონსოლიდირებულად გთავაზობთ პირველად:
✔️ არავის აქვს ლეგიტიმაცია მოქალაქეებს გამოსტაცოს მთავარი პოლიტიკური უფლება – აირჩიოს პრეზოდენტი;
✔️ არსებული პოლიტიკური უფლების ალაგმვის პრაქტიკა არ არსებობს დემოკრატიების ისტორიაში;
✔️ სუსტი პრეზიდენტი (ინსტიტუციურად) ქმნის ნოყიერ ნიადაგს, სადაც წარმატებით აღმოცენდება არაფორმალური მართვა;
✔️ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ცალკე შტო არ არის, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი არის ბალანსის და დეკონცენტრაციის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანო;
✔️ მაღალი ლეგიტიმაციის პრეზიდენტი ქმნის პოლიტიკური სტაბილურობის და სტაბილური განვითარების ცენტრს;
✔️ პრეზიდენტი უკვე არის ტრადიციული სახელმწიფო ინსტიტუტი, მისი არჩევა არის სახელმწიფო-პოლიტიკური ტრადიცია; დაუშვებელია ასეთი ტიპის ტრადიციის ხელყოფა;
✔️ ირიბი არჩევის შემთხვევაში, ხელისუფლების, უმაღლესი ინსტიტუციების, კონსტიტუციური ორგანოების უზურპაცია არის უმარტივესი;
✔️ პრეზიდენტის ინსტიტუტის პირდაპირი და საყოველთაო არჩევნები 1991 წელს გაიმართა აფხაზეთშიც. ამ უფლების გაუქმება არის საშინლად არაკორექტული ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეებისადმი – მათ ყოველგვარი ჩართულობის გარეშე ვართმევთ ერთიანი სახელმწიფოს მეთაურის არჩევის უფლებას;
✔️ პრეზიდენტის არჩევნები არის მოქალაქეთა პოლიტიკური ჩართულობის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი. დაუშვებელია ამ მექანიზმის პოსპობა. ეს დააზიანებს, შეასუსტებს სახელმწიფოს აღქმას და მოსპობს სახელმწიფო-პოლიტიკურ პროცესში თანამონაწილეობას;
✔️ პრეზიდენტი არის კონსტიტუციის და სახელმწიფოს სახე, მისი წარმომადგენელი და სიმბოლო. დაუშვებელია, მოქალაქეს არ ჰქონდეს თავისი წარმომადგენლის გამორჩევის შესაძლებლობა;
✔️ პრეზიდენტი არის ზეპარტიული, ზეპოლიტიკური კონსტიტუციური ორგანო, სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც უნდა იდგეს ყველა ვიწროპარტიულ პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტი ასეთი ვერ იქნება;
✔️ პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყნის, სახელმწიფოს ერთიანობის, საზოგადოების ორგანული მთლიანობის განსახიერება – საპ. უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტი ვერ იქნება არათუ ასეთი, საერთოდ ვერანაირ კონსოლიდაციას ვერ წარმოადგენს;
✔️ მმართველი უმრავლესობა არ სარგებლობს საკმარისი სახალხო ლეგიტიმაციით;
✔️ საქართველოს პარლამენტის ეს მოწვევა არ სარგებლობს ამ ტიპის ლეიტიმაციით;
✔️ პრეზიდენტის ინსტიტუტი უკავშირდება უმაღლეს კონსტიტუციურ დებულებებს. დაუშვებელია კონსტიტუციური ცვლილებები მოკლე პოლიტიკური დროის, პოლიტიკური თუ პიროვნული მიზანდასახულობებით;
✔️ პრეზიდენტის ინსტიტუციური მოდელის ხელყოფა ხელყოფს კონსტიტუციურ ეთიკას და ლოგიკას, კონსტიტუციის სულს, მის სადამფუძნებლო ხასიათს და წესრიგს, რომელსაც გვთავაზობს კონსტიტუცია;
✔️ ასეთი მიდგომები სპობს კონსტიტუციის ავტორიტეტს, როგორც ღირებულებათა ჭურჭელს, როგორც საერთო საზოგადოებრივ ხელშეკრულებას;
✔️ პრეზიდენტის ინსტიტუტთან დიდწილად იგივდება საქართველოს სახელმწიფოს იდენტობა, მისი თავგადასავალი, გამარჯვებები და ტკივილები. პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი არის მაღალი სოციალური გამოხმიანება. დაუშვებელია ამ გამოხმიანების შემცირება;
✔️ პრეზიდენტი არის მთავარსარდალი და იგი უნდა ქმნიდეს საერთო კონსოლიდაციის პერსპექტივას მოქალაეებში. უნდა იყოს საერთო სახალხო ავტორიტეტი. მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტი ასეთ შესაძლებლობას ბუნებრივად არ იცნობს;
✔️ პრეზიდენტის უფლებების შევიწროებით პრემიერის უფლებათა ზრდის პარალელურად შედეგად მოგვცემს ერთმმართველ პრემიერს უფლება-მოსილების მასთან კონცენტრაციის გზით. არ მოგვწონდა განუსაზღვრელი უფლებების პრეზიდენტი, არ მოგვწონს განუსაზღვრელი უფლებების პრემიერი.

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავჯდომარედ ნიკა მაჭუტაძე

 

banner
წინა სტატიაში,,ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე საკუთარ ,,ფეისბუქზე“ გიგა ოთხოზორიას მკვლელის კადრებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიამაია ღურწკაია ბრძოლას განაგრძობს