ნემო ბურჭულაძის ღია წერილი პრემიერ მინისტრს

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე პრემიერმიმისტრს ღია წერილით მიმართვას.

 

12899897_1208207689209111_1754306253_nსაქართველოს პრემიერ მიმისტრს
ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო გიორგი, ხვალ 31 მარტს სრულდება 25 წელი, რაც საქართველოში ჩატარდა პირველი რეფერენდუმი ქვეყნის ისტორიასა და საბჭოთა სივრცეში, რომლის საფუძველზეც ეროვნულმა ხელისუფლებამ 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
წელიწადიც არ იყო გასული, რომ პოლიტიკური რუკიდან გაქრა ბოროტების იმპერია – საბჭოთა კავშირი, თუმცა მის მემკვიდრედ ოფიციალურად გამოაცხადა თავი რუსეთის ფედერაციამ, რომლისთვისაც თოთხმეტი სახელმწიფოს თავისუფლება საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფაა, ხოლო მთავარი მიზანი სსრკ-ს რეანიმაცია, რის განხორციელებასაც ცდილობს ღია სამხედრო აგრესიით – აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, დნესტრისპირეთი, ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკი.. ეროვნული ანუ დასავლეთზე ორიენტირებული პოლიტიკის გამო მოაწყო რუსეთმა 1991 წლის ბოლოს სახელმწიფო გადატრიალება, დაამხო ეროვნული, კანონიერი ხელისუფლება, განდევნა და შემდეგ მოკლა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ასევე ხვალ 31 მარტს 77 წელი უსრულდება და რომელმაც გვიჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა იცხოვროს და რისთვის უნდა გაწიროს თავი ადამიანმა.
კანონიერი ხელისუფლების დამხობისთანავე რუსეთმა მარიონეტული ხელისუფლების დახმარებით დაიპყრო და დღემდე ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რომლებიც დამოუკიდებელი სახელმწიფოები კი არა (როგორც თავად რუსეთი უწოდებს) რუსეთის სამხედრო ბაზებია საქართველოში და საერთოდ სამხრეთ კავკასიაში. მშვენივრად იყენებდა და იყენებს შაჰ-აბასის გამონათქვამს „ქართველს მხოლოდ ქართველი ერევა“ და ეროვნული მოძრაობის აღორძინებიდან დღემდე მისი არსენალის მთავარი იარაღი ჩვენი გათიშვა, დაქსაქსულობა და დაპირისპირებაა. შემთხვევით არ დაურქმევია რუსეთთან თავისუფლებისთვის ბრძოლისათვის ხან სამოქალაქო, ხან ოსებთან თუ აფხაზებთან ომი. დღემდე ცდილობს გათიშოს და დააპირისპიროს ერთმანეთთან საქართველოს მოსახლეობა, კუთხური, ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური ნიშნით.
31 მარტის რეფერენდუმში მოსახლეობის 92%-მა მიიღო მონაწილეობა, მონაწილეთა 97%-მა ხმა მისცა რუსეთისგან საქართველოს სრულ დამოუკიდებლობას და არა მხოლოდ ხმა მისცა, ათი ათასობით ადამიანი შეეწირა თავისუფლებას, პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, უზენაესი საბჭოს წევრები, მეომრები და მშვიდობიანი მოსახლეობა.
1990 წლის 28 ოქტომბერს არჩევნების შემდეგ (ერთადერთი არჩევნებია, როდესაც არც ერთ დამარცხებულ პარტიასა თუ მაჟორიტარობის კანდიდატს სიტყვა არ დასცდენია გაყალბებაზე) 2012 წელს მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით გადაცემა, რამაც საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის დაჩქარების იმედი გააჩინა, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელ ცივილიზებურ სამყაროში.
ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება მსოფლიო, მტერიც და მოყვარეც.
თქვენ, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მმართველი პარტიის ლიდერს გეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, რომელზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის ბედი უახლოეს მომავალში. ყველა ხედავს, რომ მდგომარეობა უკიდურესად იძაბება (რაც პირველ რიგში ჩვენს მტერ სახელმწიფოს აწყობს) პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატები, პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმა… გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება თუ ვინ აკეთებს ამას, მაგრამ ყველა ფაქტზე და გამოძიებაზეც, მის დროულ და საზოგადოებისთვის სარწმუნო შედეგებზეც, პასუხისმგებელი ხართ პირადად თქვენ და ხელისუფლება.
25 წელი გავიდა, რაც საქართველომ უზარმაზარი მსხვერპლის ფასად სახელმწიფოებრიობა აღიდგინა, მოვიდა ახალი არასაბჭოთა თაობა, რომელიც ეზიარა დასავლურ ღირებულებებსა და განათლებას. ჩვენი (ჩემიც და თქვენიც) ვალია შევეცადოთ შევუქმნათ მათ ჯანსაღი პოლიტიკური გარემო, ვაჩვენოთ მაგალითი არა ინტრიგებისა და პოლიტიკური ხრიკების, არამედ ქვეყნის მომავალზე მზრუნველი ადამიანების დიალოგისა და კამათის, იდეათა ჭიდილი ლანძღვა-გინებისა და კომპრომატების ნაცვლად.
ხვალ 31 მარტს ჩემი შვილი თანამოაზრეებთან ერთად აფუძნებს ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას და მინდა მათი საქმიანობა და პოლიტიკური გარემო ჰგავდეს იმ ქვეყნებისას, რომლისკენაც ვისწრაფვით.
ბატონო გიორგი, გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს, გისურვებთ წარმატებას შემოდგომის არჩევნების ევროპულ დონეზე ჩატარებაში, ქვეყნის უკეთესი მომავლისა და შემდგომი შეუფერხებელი განვითარებისათვის ზრუნვასა და საქმიანობაში.

პატივისცემით
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ნემო ბურჭულაძე

banner
წინა სტატიაში“ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის განცხადებას ევროპარლამენტის განწყობებთან საერთო არაფერი აქვს”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ფილიპ ჰამონდს სამუშაო სადილზე უმასპინძლა