ნაზი ჯანეზაშვილი : თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასაუბრების ეტაპს გადადებს და სექტემბერში განაახლებს, ამას მივიჩნევ გამარჯვებად

თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადადებს გასაუბრების ეტაპს და სექტემბერში განაახლებს, ამას მივიჩნევ გამარჯვებად, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გასაუბრების პროცესზე საუბრისას განაცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილი გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც გამორიცხული არ არის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი შეწყდეს და სექტემბერში გაგრძელდეს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ჩემთვის ცოტა გაურკვევლად იქცევიან. ჯერ შეთანხმდნენ, რომ დღეში ხუთ ადამიანთან უნდა გამართულიყო გასაუბრება, შემდეგ ჩამოვიდნენ სამზე, ბოლოს გადაწყვიტეს, რომ თურმე შესაძლებელია ორ ადამიანთან ჩატარდეს გასაუბრება, თუმცა მათი დამოკიდებულება პროცესისადმი არის ჩემთვის გაუგებარი. არ ვიცი დიმიტრი გვრიტიშვილს რა უფლებამოსილება აქვს, ის მედიაში აცხადებს, რომ შესაძლოა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადადოს გასაუბრების ეტაპი და გაგრძელდეს სექტემბერში. ეს საკითხი სხდომაზე არ განხილულა, გვრიტიშვილი არის თვითმარქვია საბჭოს თავმჯდომარე. მას კანონით არ აქვს უფლება საბჭოს სახელით გააკეთოს ასეთი განცხადება, თუმცა, თუ ეს ასე მოხდება, ამას მივიჩნევ გამარჯვებად და იმ ბრძოლის შედეგად, რომელიც აქ მიმდინარეობს. როგორც ჩანს, აღარ მოსწონთ, რომ საზოგადოება თვალს ადევნებს ამ ცირკს, რომელსაც ხელმძღვანელობს თვითმარქვია გვრიტიშვილი და სურთ შეაჩერონ დროებით რათა განეიტრალდეს ემოციები“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამასთან ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეების გასაუბრების ეტაპზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანდიდატთა უმეტესობა უზენაესი მოსამართლეობის სიაში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ფორმალური კონკურენცია შექმნილიყო.

„კანდიდატების უმრავლესობა მოსამართლეა და ხშირ შემთხვევაში მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ადამიანები, რომლებიც უვადოდ არიან უკვე დანიშნული, მათ კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების ტესტი მაინცდამაინც ვერ გაიარეს თავის დროზე და როგორ გახდნენ მოსამართლეები თავის დროზე, კიდევ საკითხავია. ის კანდიდატები, რომლებიც დღეს მოდიან, ალბათ უზენაეს სასამართლოში ვერ მოხვდებიან. მათ შორის, ალბათ, არის წინასწარი შეთანხმება, რომ ისინი ცდილობდნენ გაეჯერებინათ სხვადასხვა მოსამართლეებით ეს სია, რომ შეექმნათ ფორმალური კონკურენცია“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. მიმდინარე კვირას საბჭოს წევრები დღის განმავლობაში 2-2 კანდიდატს უსმენენ.

banner
წინა სტატიაშიეს კაცი პირდაპირ ცენზურას ითხოვს, ამათი და “ქოცების” ალიანსი უაღრესად სახიფათო იქნება! – კაპანაძე
შემდეგი სტატია2019 წლის 6 თვეში შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში 144 პირი იქნა მიცემული