ნათია თურნავა – ზედმიწევნით დაცულია ორივე პრინციპი, რომლითაც „გაზპრომთან“ მოლაპარაკების დროს ვხელმძღვანელობდით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები დაასრულა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი დღეს მთავრობას წარედგინა.

„მიუხედავად საკმაოდ რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა, ჩვენ ვხელმძღვანელობდით ორი ძირითადი პრინციპით და ორივე ზედმიწევნით დაცულია. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. ჩვენი ბაზრის ორი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სეგმენტი – მოსახლეობა და ელექტროენერგიის წარმოება სრულად მარაგდება და კვლავაც მომარაგდება აზერბაიჯანული გაზით“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, გაზის სფეროში აზერბაიჯანი კვლავ საქართველოს მთავარ მომწოდებლად და სტრატეგიულ პარტნიორად რჩება და „შაჰდენიზის“ მეორე ფაზის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ, უახლოეს წლებში, საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანული გაზის წილი კიდევ უფრო გაიზრდება.

„მეორე ამოცანა იყო ჩვენი პოზიციების გაუმჯობესება „გაზპრომთან“. ჩვენ მივაღწიეთ გაუმჯობესებას ორივე პოზიციით – სატრანზიტო საფასური, რომელსაც გვიხდიან გაზრდილია, ხოლო რუსული გაზის შესასყიდი ფასი შემცირებულია, ეს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კერძო ბიზნესი დაინტერესდება ამ ალტერნატივით“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ხელშეკრულება ორი წლით გახანგრძლივდა და 2019-2020 წლების განმავლობაში იმოქმედებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, „გაზპრომთან“ შეთანხმება კომერციული საიდუმლოებაა, რის გამოც მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„ციფრებს ვერ დავასახელებ. სწორედ ეს არის კომერციული საიდუმლოების არსი, რომ არ ვთქვა კონკრეტული ფასები, მაგრამ ვამბობ დინამიკას, რომელიც ორივე შემთხვევაში, არის ჩვენს სასარგებლოდ“, -განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიგორში დაკარგული 15 წლის მოზარდი თბილისში იპოვეს
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ზაზა სარალიძე და ადვოკატი საქმის გამომძიებელსა და პროკურორს შეხვდნენ