ნათია თურნავა – მინისტრად პრემიერის გადაწყვეტილებით დავინიშნე, ამ თანამდებობაზე სხვა რეკომენდატორი არ მყოლია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დავინიშნე, ამ თანამდებობაზე სხვა რეკომენდატორი არ მყოლია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რას უპასუხებდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ მინისტრად ვანო ჩხარტიშვილის სურვილით დაინიშნა

თურნავას თქმით, ის სხვადასხვა მთავრობისა და მინისტრის დროს მუშაობდა და ემსახურებოდა არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, არამედ ქართულ ეკონომიკას.

„ვანო ჩხარტიშვილი არის ჩემი ერთ-ერთი მინისტრი, რომელთან ერთადაც ვმუშაობდი 20 წლის წინ, ისევე, როგორც ცხრა სხვა მინისტრი მყავდა. აქედან გამომდინარე, დავინიშნე მხოლოდ და მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით. ამ თანამდებობაზე მე სხვა რეკომენდატორი არ მყოლია. სხვადასხვა მთავრობის და სხვადასხვა მინისტრის დროს ვმუშაობდი. ეს მე არანაირ უხერხულობას არ მიქმნის, რადგან ყოველთვის ვემსახურებოდი ქართულ ეკონომიკას და არა, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ან კონკრეტულ მინისტრს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულიას მინისტრობიდან გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა. მანამდე ის, მინისტრის მოადგილე იყო.

banner
წინა სტატიაშითურნავებისნაირი მინისტრები არიან ჩვენს მინისტრთა კაბინეტში პრაქტიკულად, 90 პროცენტი – ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიაეს ის ივანიშვილი ხომ არ არის, რომელსაც სტაფილოს წვენი გადაცდება ხოლმე ფიქრზეც კი, რომ შეიძლება დავბრუნდე საქართველოში – სააკაშვილი