ეს ის ივანიშვილი ხომ არ არის, რომელსაც სტაფილოს წვენი გადაცდება ხოლმე ფიქრზეც კი, რომ შეიძლება დავბრუნდე საქართველოში – სააკაშვილი

„უნდა ბიჭს, რომ ჩავიდე, რა პრობლემაა,“ – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი მისი ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მისი უკრაინაში ჩასვლის შემდეგ „ქართული ოცნება“ პანიკაში ჩავარდა და ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ისინი დაემშვიდებინა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის თქმით, უკრაინა თავისი მოქალაქეების ექსტრადირებას არ ახდენს, რაც არაერთხელ დაადასტურა უკრაინის ხელისუფლებამ. სააკაშვლმა ასევე გაიხსენა ის მოვლენები, როდესაც უკრაინიდან ის იძულებით გააძევეს. მისი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველა აეროპორტი ჩაკეტა, რათა ის საქართველოში არ გაეგზავნათ.

„ვერ გავიგე, უკრაინა დაბალი ღობე ჰგონია ივანიშვილს. ჰოლანდიის მუდმივი მცხოვრებელი რომ ვარ და ჰოლანდიური დოკუმენტებით რომ გადავაადგილდები მსოფლიოში, ჰოლანდიას რატომ არ გაუგზავნა მოთხოვნა ექსტრადირების თაობაზე. უკაცრავად, ეს ის ივანიშვილი ხომ არ არის და პროკურატურა რომელიც წელიწადის თუ წელიწადნახევრის წინ ეხვეწებოდა მუხლებზე პარაშენკოს, რომ შენი ჭირიმე, არ გამოსცე საქართველოსო და საქართველოს ყველა აეროპორტი დაკეტა იმ პერიოდში, როცა კიევიდან აფრინდა ჩემი თვითმფრინავი, რომლითაც ქვეყნიდან ჩემს დეპორტაციას ახდენდა. თბილისი, ქუთაისი, ბათუმი – სამივე დაკეტილი იყო. ეს ის ივანიშვილი ხომ არ არის შემთხვევით, რომელსაც ღამე არ ძინავს და სტაფილოს წვენი გადაცდება ხოლმე ფიქრზეც კი, რომ მე შეიძლება დავბრუნდე საქართველოში. მინდა, ვუთხრა მას, რომ მე, რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში. ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში, დავალაგებთ სიტუაციას, ავაწყობთ რაღაცებს. დავეხმარები ახალ პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში, დავბრუნდები ძალიან მალე. ჩვენი მომხრეები ყველანი უნდა მოემზადონ და ჩვენი მომხრე არის საქართველოს აბსოლუტური უმეტესობა და ყველამ ეს იცის. იმ მომენტში, როცა ჩემი ფეხი დადგება საქართველოს მიწაზე, ერთი ვნახავთ, სად იქნება ივანიშვილი,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილი ამბობს, რომ თუ მისი საქართველოში დაბრუნება უნდათ, ის აუცილებლად დაბრუნდება.

“გუშინ ჩავარდნენ ისინი პანიკაში. მთელი მისი ეს ჯოგი არის საოცარ პანიკაში, ისტერიკაში და ახლა თავის ჭკუით მოიფიქრა, როგორ დააწყნაროს ესენი. ეს არ უშველით, იმიტომ, რომ ეს აუხდებათ, რასაც მოისურვებენ, მიეცემათ. ჩემი ჩასვლა უნდათ? აუცილებლად მიეცემათ, მაგის გარანტიას ვაძლევ. მე ჯერჯერობით ყველა ჩემს დაპირებას ვასრულებ. აქ ხომ ვთქვი, რომ ჩამოვალ-თქო, ჩამოვედი. ვამბობ, იქ ჩავალო, იქაც ჩავალ და ძალიან მალე. ასე, რომ მე უკვე ვამზადებ ინფრასტრუქტურას. მთელი საქართველო უნდა მოემზადოს. ეს განხორციელდება ძალიან მალე და აუხდება ყველაფერი, რასაც ითხოვენ. უნდა ბიჭს, რომ ჩავიდე, რა პრობლემაა. მე აგერ ვარ და დავაკმაყოფილებ ამ სურვილს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურებს – ამის შესახებ განცხადება საგამოძიებო უწყებაში გაკეთდა.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – მინისტრად პრემიერის გადაწყვეტილებით დავინიშნე, ამ თანამდებობაზე სხვა რეკომენდატორი არ მყოლია
შემდეგი სტატია“მაფიოზურ სახელმწიფოს აშენებს და მაგიდასთან უზის ოდიოზური ბიზნესმენები… ყველამ კარგად ვიცით, ეს ნებართვა ვისთვის გაიცა”