ნათია მეზვრიშვილი – ლენტეხისა და ხიდისყურის შემთხვევაში დავეყრდენით ეპიდემიოლოგების რჩევებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 28, 2020 15:07

ნათია მეზვრიშვილი – ლენტეხისა და ხიდისყურის შემთხვევაში დავეყრდენით ეპიდემიოლოგების რჩევებს

როგორც მოგეხსენებათ, კარანტინია ქობულეთის რამდენიმე სოფელში, ბოლნისში, მარნეულში, ორ გეოგრაფიულ პუნქტში კი დღეს უკვე მოიხსნა დაწესებული მკაცრი შეზღუდვები და ეს ყველაფერი დამოკიდებულია იქ არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა ეპიდემიოლოგების რჩევების და აღნიშნულ გეოგრაფიულ პუნქტებში არსებული ვითარების დასტაბილურების საფუძველზე. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, თუ სპეციალისტების მხრიდან ასეთი რეკომენდაციები იქნება სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან დაკავშირებითაც, საკარანტინო რეჟიმები იქაც მოიხსნება.

„როგორც ირაკლი ჩიქოვანის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე აღინიშნა, ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა და კარანტინი გაუქმდა იმიტომ, რომ თერმოსკრინინგის და შესაბამისი პროცედურების ჩატარების შედეგად ჩვენ მივიღეთ მეტნაკლებად დასტაბილურებული სიტუაცია, მოიხსნა რისკები.

შესაბამისად, ის შეზღუდვები, რომლებიც მოქალაქეებს დაწესებული ჰქონდათ და მოგეხსენებათ საკარანტინე ზონებად გამოცხადებულ ტერიტორიებზე გაცილებით მეტი შეზღუდვა მოქმედებს, ვიდრე ჩვეულებრივი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ჩავთვალეთ, რომ ეს შეზღუდვები საჭირო აღარ იყო, დავეყრდენით პირველ რიგში ეპიდემიოლოგების რჩევებს და თუ ასეთი რეკომენდაციები იქნება ეპიდემიოლოგებისგან და შესაბამისი სპეციალისტებისგან იგივე მარნეულთან, ბოლნისთან, ან ქობულეთის სოფლებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იქაც გაუქმდება შესაბამისი რეჟიმები,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 28, 2020 15:07