ნანა კაკაბაძე: დღეს ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაში ერთი და იგივე მენტალობის ადამიანები არიან

ის კონსესუსი, რაც დღეს არსებობს ხელისუფლებას და ამ ე.წ. ოპოზიციურ გაერთიანებას შორის, ვფიქრობ, ქართული სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისათვის” თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოზიციები, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მას და მის ორგანიზაციას გააჩნია, მიუღებელია, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის.

“დღეს ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაში ერთი და იგივე მენტალობის ადამიანები არიან, რომელთათვისაც საზოგადოების აზრი და ჯანსაღი პოზიციები მიუღებელია, მათთვის მისაღებია მხოლოდ პირადი მერკანტილური ინტერესები, ამაში არის თანხვედრა ხელისუფლებას და ამ ძალებს შორის. ასეთი სისტემით ჩატარებული არჩევნები არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი, თუნდაც ისრაელის მაგალითი ავიღოთ, სადაც წელიწადში ერთხელ არჩევნები ტარდება და ფაქტიურად ვერ ხდება მთავრობის ფორმირება, მათი ბიუჯეტი ამას უძლებს, მაგრამ საქართველოს ბიუჯეტი ამას ვერ გაუძლებს, თუმცა ეს არ აინტერესებთ”, – აცხადებს ნანა კაკაბაძემ.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” მმართველობის 8-წლიან პერიოდს, უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ყველაზე დიდი დანაშაულია, რომ მან “ნაციონალური მოძრაობა” დაუსჯელი დატოვა.

“ამ 8-წლიანმა პერიოდმა გამოაჩინა, რომ ის კრიმინალური ძალა, რომლის გასამართლებასაც ჩვენ ვითხოვდით და რომელმაც ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ თვითონვე დატოვა მტკიცებულებები – თვალთვალისა და მიყურადების კადრები, სამეგრელოში ნაპოვნ კასრებში აღმოჩენილი გაუპატიურების, წამების, ღირსების შემლახავი ქმედებების მტკიცებულებები, ათასობით ფაილი, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომლებიც ვითომდა განადგურდა, ვინც ეს ყველაფერი დატოვა და ვინც ამ დანაშაულებებს ხელი დააფარა და პასუხი არ მოსთხოვა, ეს არის “ქართული ოცნების” მხრიდან ჩადენილი ყველაზე დიდი დანაშაული, სხვა ყველაფერი ამასთან შედარებით მეორეხარისხოვანია. მე ვფიქრობ, რომ იმ პრობლემების შემოქმედი, რომელიც საქართველოს ექმნება ქვეყნის გარეთ, იმიჯის თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, სწორედ იგივე კრიმინალური ძალაა. “ქართული ოცნების” უდიდესი დანაშაული იყო ის, რომ ის 9-წლიანი პერიოდი დაუსჯელი დატოვა. ამის შემდეგ არის ყველა ის მანკიერება, რაზეც უსასრულოდ შეიძლება საუბარი, იმიტომ, რომ დღეს უკვე ამ ბოროტი ძალის მორევა არც “ქართულ ოცნებას” ძალუძს და არც ქართულ საზოგადოებას იმდენად მოაძლიერა, გარეცხა და გაასუფთავა “ქართულმა ოცნებამ”. თუ საქართველოს ეღირსა ნორმალური ხელისუფლება, ის “ქართულ ოცნებას” პასუხს მოსთხოვს იმისთვის, რომ კრიმინალები დაუსჯელი დატოვა. ეს შეიძლება შევადაროთ იმას, რომ არ მომხდარიყო ფაშიზმის გასამართლება და დაეშვა გერმანიას ის, რომ ფაშისტებს მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებსა და პოლიტიკაში. ასეთი ძალები უნდა ჩამოაშორო პოლიტიკას, ეს იყო ქართული საზოგადოების, ჩვენი ორგანიზაციის დაკვეთა, რაც “ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულდა, რის შედეგადაც მივიღეთ ის, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი აღმოჩნდა ამ კრიმინალების გვერდით”, – განაცხადა კაკაბაძემ

banner
წინა სტატიაშინანა კაკაბაძე – ან მაშინ ტყუოდნენ, ან ახლა ტყუიან, ან უბრალოდ მათთვის მთავარია ძალაუფლება
შემდეგი სტატიაჯარიმების ჩამოწერა ალბათ მიუღებელი უნდა იყოს