„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები და ლიდერები პარლამენტის წინ „იფსოსის“ ეგზიტპოლის შედეგებს ფოიერვერკითა და შეძახილებით შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ლიდერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ „იფსოსის“ ეგზიტპოლის შედეგებს ფოიერვერკითა და შეძახილებით შეხვდნენ.

„ეს არის მართლაც ძალიან დიდი ავანსი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებლებისაგან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გამარჯვებას არ მოჰყვება არავითარი ანგარიშსწორება, არამედ ოპოზიცია იშრომებს იმ იმედის გასამართლებლად რისთვისაც მას ხმა მისცეს.

„განსაკუთრებით გვახარებს დამაჯერებელი გამარჯვება თბილისში და ეს არის მართლაც ძალიან დიდი ავანსი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებისაგან, რომელსაც უნდა მშვიდობიანი საქართველო, რომელიც ერთ ადგილზე კი არ იტკეპნება და ჭაობის სიწყნარე კი არ არის, არამედ არის გუგუნი შენების, წინსვლის, გუგუნი ინოვაციის, მეტი განათლების, მეტი ჯანდაცვის, მეტი სამუშაო ადგილების შექმნის, საქართველოში დაბრუნებული ჩვენი თანამემამულეების, რომლებიც საქართველოს მომავლის შემქმნელები არიან სხვა დანარჩენ მოქალაქეებთან ერთად იმისთვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, საქართველომ შეძლოს ეკონომიკური პრობლემების გადალახვა, უსაფრთხოების პრობლემების მოაგვარება, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და მშვიდობიანად დაიბრუნოს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები. ეს არის ჩვენი ნამდვილი ქართული ოცნება, რუსული ოცნების საწინააღმდეგოდ, ეს არის ჩვენი ნამდვილი ზრახვები, რისთვისაც მოგვცა ქართველმა ხალხმა ხმა. არავითარი შურისძიება, არავითარი ანგარიშსწორება, მხოლოდ შრომა, მხოლოდ თავმდაბალი მოღვაწეობა ყოველდღიურად იმის კეთება, რა იმედითაც ჩვენ ხალხმა ის ხმები მოგვცა, რაც ჩვენ ასე უნდა დავაფასოთ“, -განაცხადა გია ბარამიძემ.

ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული 17.00 საათის ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 41%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მეორე ადგილი დაიკავა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ-გაერთიანებული ოპოზიცია“ -33%-ით, „ევროპულმა საქართველომ“ ხმების 5-% მიიღო, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ -4% მიიღო, “პატრიოტთა ალიანსმა”-3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“-3%, „გირჩი“-3%, „ლეიბორისტული პარტია“ -2%, „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო“-1%, „მოქალაქეები“-1%, ხოლო დარჩენილი 5% სხვა პარტიებზე გადანაწილდა, რომლებმაც 1%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს.

აღნიშნული კვლევა ipsos საფრანგეთმა ჩაატარა.

banner
წინა სტატიაშიდევი ჭანკოტაძე: შუადღიდან ვიცოდი, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: იყო ასეთი პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მშვიდობიანად დათმო ძალაუფლება