„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელიასთვის დეპუტატობის შეწყვეტაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

დეპუტატის ინფორმაციით, პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართა.

„პარლამენტის ეს დადგენილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ არის ვადები და ის აუცილებლად გასაჩივრდება. ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იყო უკანონო, პოლიტიკური დევნა და უპრეცედენტო შემთხვევა, რაც პარლამენტარიზმის ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო აქტი”, – აღნიშნა გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძე ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების არცნობის თაობაზე, უმრავლესობის წევრის, კარლო კოპალიანის განცხადებას გამოეხმაურა.

„შეუძლებელია, რომ არ დაამტკიცო დეპუტატის უფლებამოსილება. ასე უმრავლესობას შეუძლია, არჩევნების დამთავრებიდან პირველივე დღეს არ ცნოს ოპოზიციის უფლებამოსილება ამათუ იმ იმ მოტივით. ეს დიდი უაზრობაა და სამართლებრივი ნონსესია. პარლამენტი ვალდებულია, ადგილმონაცვლე დაამტკიცოს. კარლო კოპალიანი რაიკომის მდივნობაზე ოცნებობდა, ორი წელი რუსეთში ისწავლა, ჩამოვიდა და საქართველო დამოუკიდებელი დახვდა, რაიკომი გაუქმებული. ზონდერები და მოძალადეები არიან „ქართულ ოცნებაში“. კარგად ვხედავთ, ამ ზონდერების ნამუშევრებს, თვალდათხრილ ადამიანებს, სისხლიან გარჩევებს, თავდასხმებს ოპოზიციაზე. ზონდერები საკუთარ გუნდში მოიკითხოს”, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 12 დეკემბერას შეუწყდა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : ვიმედოვნებ, ოპოზიცია მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე კონკრეტული პასუხებით მოვა და დიალოგის ფორმატის ჩაშლას არ ისურვებს
შემდეგი სტატიასაზარელი ავარია რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე – გარდაცვგლილია ორი ადამიანი