”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრებს აუცილებლად მოუწევთ იმ ფრაქციის დატოვება, რომელშიც ახლა არიან – აკაკი მინაშვილი

პარლამენტის რეგლამენტიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე, ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრებს აუცილებლად მოუწევთ იმ ფრაქციის დატოვება, რომელშიც ახლა არიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ფრაქცია არის ”ნაციონალური მოძრაობის” და ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს მიმართავან, რომ ბოკერიას ფლანგმა ეს ფრაქცია დატოვოს.
”ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველდღიური პროცედურული ხრიკებით მოწმეები ვართ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების სიყალბის. გამომდინარე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან და კანონმდებლობიდან, ისინი ვერ განახორციელებენ ამ ქმედებებს. მათ მოუწევთ ამ ფრაქციის დატოვება და ახალი ფრაქციის შექმნა. ის ფრაქცია, რომელშიც დღეს არიან, არის ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია. გუშინ, როდესაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია პარლამენტის შესაბამის სამსახურებთან, მათ განაცხადეს, რომ თურმე ამ მცირე ჯგუფის წარმომადგენლები საპარლამენტო სამსახურებს ეუბნებიან, რომ ჯერ არ გასულან ”ნაციონალური მოძრაობიდან”. ვურჩევ მათ, რომ ეს ენერგია და რესურსები გამოიყენონ არა ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მივმართავთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს. ეს ბერკეტები არის ინფორმაციის მიწოდება, წერილებით მიმართვა შესაბამისი კომიტეტისთვის და ბიუროსთვის. მთავარი სამართლებრივი ბერკეტი არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი”, – განაცხადა მინაშვილმა.
13 იანვარს ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასულმა დეპუტატებმა ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას” სახელი გადაარქვეს და ევროპული საქართველო დაარქვეს. მათ გადაირჩიეს თავმჯდომარე ნიკა მელია და თანამდებობაზე სერგო რატიანი დანიშნეს. ყოფილ ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობაში” და ამჟამინდელ ,,ევროპულ საქართველოში” უმრავლესობას წარმოადგენენ ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული დეპუტატები.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიახეების გადატანის ახალი ტალღა – ქვემო ნატანებიდან 10-მდე ასწლოვანი ხის გადატანის პროცესი დაიწყო