“ნაცემია ბავშვი, დაძალებული აქვთ ასეთი სიტყვები, რომ ელაპარაკა” – ზეწოლა გარდაბანში, არასრულწლოვნის მშობელი მომხდარის დეტალებს იხსენებს

გარდაბნის პირველ საჯარო სკოლაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მშობლები იმ 3 მოსწავლის სკოლიდან გაშვებას ითხოვენ, რომლებმაც მეშვიდე კლასელზე იძალადეს, ინციდენტი გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს.

შემთხვევა სექტემბერში მოხდა, თუმცა ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მომხდარზე გამოძიება დაწყო, თუმცა ამ დრომდე სკოლას მოსწავლის დაჩაგვრის ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

„პოლიციამ თვითონ მომმართა, თბილისში ვიყავით წასულები. მპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ერთი კვირაა უკვე და ჯერ ვერაფერს ვერ ვხედავ. უნდათ რომ სახელი გაუტეხონ და უკეთებენ ასეთ რაღაცას. ნაცემია ბავშვი, დაძალებული აქვთ ასეთი სიტყვები, რომ ელაპარაკა და მერე ისევ უგრძელებენ ცემას და დარტყმას,“-აცხადებს ძალადობის მსხვერპლის მშობელი, სოფო ბურდული.

ძალადობის მსხვერპლის დედა აცხადებს, რომ ბავშვს სკოლაში პრობლემები ჰქონდა. მისივე ინფორმაციით, მოსწავლეს თანასკოლელები თანხის მიტანასაც სთხოვდნენ.

გარდაბნის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ დირექტორი ამ დრომდე ოჯახს არ შეხვედრია. შეხვედრა მხოლოდ აქციის შემდეგ დაიგეგმა და მშობლები სკოლის დირექტორს ამ წუთებში ხვდებიან.

„მოვითხოვთ იმას, რომ ეს ბავშვები არ უნდა იყვნენ აქ. დღეს დადიან სკოლაში ვითომ არაფერი არ დაუშავებიათ. ეს ალბათ არც მშობლებზე არ იმოქმედებს და არც არიგენებ, რომ ეს არ უნდა ჩაიდინონ. დირექტორი არ მოსულა, არ გასაუბრებია ოჯახს,“-აცხადებს ლალი ჭოველიძე.

მომხდარზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს და ის სამიდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიკოსტავას ქუჩაზე “იოლი” დააყაჩაღეს
შემდეგი სტატია„ნუ მოკლავ – აღასრულე სამართალი” – ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე სასამართლო პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს