მსოფლიო პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლე ქართულ ენაზეც გამოაქვეყნა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 19, 2020 12:04

მსოფლიო პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლე ქართულ ენაზეც გამოაქვეყნა

მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოსმა ქართულ ენაზე სააღდგომო ეპისტოლე გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“უძვირფასესო ძმანო მღვდელმთავარნო და უფალში საყვარელო შვილებო,

მოიწია წმინდა აღდგომა და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი ვაქებთ უფლის დიდებას, რომელმაც სიკვდილითა სიკვდილი დათრგუნა, თანააღადგინა მთელი ადამის მოდგმა და განახვნა ჩვენთვის სასუფევლის კარნი.

ქრისტეს სხივმოსილი აღდგომა არის დადასტურება, რომ სამყაროს სიცოცხლეზე სიკვდილი კი არ უფლობს, არამედ ის მხსნელი, რომელმაც სიკვდილის ბატონობა გააუქმა. უწინ ჩვენთვის ცნობილი, როგორც უხორცო სიტყვა, შემდგომში კი – სიტყვა, რომელიც ადამიანის სიყვარულისთვის ხორციელ იქმნა, რომელიც მოკვდა როგორც კაცი და აღდგა როგორც ღმერთი, არის მხსნელი, რომელიც კვლავ მოვა დიდებით, რათა საღმრთო განგებულება აღასრულოს.

აღდგომის საიდუმლო და მისი გამოცდილება წარმოადგენს საეკლესიო ცხოვრების საფუძველს. ბრწყინვალე ღმრთისმსახურება, წმინდა საიდუმლოებანი, ლოცვითი ცხოვრება, მარხვა და ასკეზა, სამოძღვრო მსახურება და სამყაროში კეთილი მოწმობა – ეს ყოველივე აფრქვევს სააღდგომო სიხარულის სურნელს. მორწმუნეთა ცხოვრება ეკლესიაში არის ყოველდღიური აღდგომა, „ზე-გარდამო სიხარული“, „ცხონების სიხარული“, და ასევე, „ცხონება როგორც სიხარული“.[1]

ამიტომაც არის, რომ წმინდა ვნების შვიდეულის მსახურებები არიან არა მწუხარებით, არამედ აღდგომის ძლევამოსილებით სავსენი. აქ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ადამიანისა და სამყაროს ხსნის გეგმაში ჯვარს არ აქვს საბოლოო სიტყვა და ეს წინასწარვე გაცხადდა ლაზარეს შაბათს. ქრისტეს გულითადი მეგობრის მკვდრეთით აღდგომა არის წინასახე „საერთო აღდგომისა“. [წითელის პარასკევის] საგალობელი „დღეს დამოეკიდების ძელსა“ კულმინაციას აღწევს სიტყვებში „მიჩუჱნენ ჩუჱნ დიდებულიცა შენი აღდგომა“. გარდამოხსნის წინ, ჩვენ ვგალობთ: „უგალობ ჯუარცმასა და დაფლუასა შენსა, ვაქებ აღდგომასა შენსა“. და სააღდგომო ღვთისმსახურებისას ჩვენ ხმამაღლა განვაცხადებთ ჯვრის ჭეშმარით მნიშვნელოვბას: „რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა.“

ადღგომის „წმინდა და ჩინებული დღე“ არის „მერვე დღის“ განთიადი, პირველნაყოფი „ახალი ქმნილებისა“, ჩვენი საკუთარი აღდგომის გამოცდილება, დიდი „სასწაული ჩემი ცხონებისა.“[2] ეს არის ცოცხალი დასტური იმისა, რომ უფალი ჩვენთვის ევნო, რომ ჩვენი გულისთვის მოკვდა, და რომ ის ჩვენთვის მკვდრეთით აღდგა, „მოასწავებს რა ჩვენს აღდგომას საუკუნო ცხოვრებაში.“[3] მთელს საპასექო პერიოდში ჩვენ ვგალობთ, უპრეცენდენტო პოეტურობით, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ანთროპოლოგიურ მნიშვნელობაზე, კაცობრიობის მონობიდან ჭეშმარიტ თავისუფლებაში გადასვლაზე, „წინსვლასა და ამაღლებაზე ქვემოდან ზემოთ და აღთქმული მიწისაკენ.“[4] ქრისტეს ეს მაცხოვნებელი განახლება ეკლესიაში ხორციელდება, როგორც ევქარისტიული ეთოსის დინამიური განფენა მსოფლიოში, როგორც „სიყვარულით ჭეშმარიტების მეტყველება“ (ეფ. 4,15), როგორც ღმერთთან სინერგია ქვეყნიერების ფერისცვალებისათვის, რათა შესაძლებელი იყოს სამყარო იქცეს საბოლოო განცხადების სისავსისა და ესქატოლოგიურ სამეფოში ღმერთის სიყვარულის ხატად. აღმდგარ უფალში ცხოვრება ნიშნავს მოციქულთა მსგავსად სახარების „ქვეყნის კიდემდე“ (საქმ. 13,47) განცხადებას. ეს არის პრაქტიკული მოწმობა გამოცხადებული მადლისა და „ახალი შესაქმის“ მოლოდინისა, სადაც „აღარ იქნება სიკვდილი, არც გლოვა, არც გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა.“ (გამოცხ. 21,4)

ქრისტეს აღდგომისა და ჩვენი საკუთარი თანა-აღდგომის რწმენა არ უარყოფს სიკვდილის, ტკივილისა და ჯვრის მტკივნეულ არსებობას სამყაროს ცხოვრებაში. ჩვენ არ ვმალავთ ულმობელ სინამდვილეს, და არც საკუთარი რწმენით ვიქმნით ფსიქოლოგიურ თავდაჯერებულობას სიკვდილის წინაშე. ამასთანავე, ჩვენ შესანიშნავად ვიცით, რომ დღევანდელი ცხოვრება არ არის სიცოცხლე სისავსისა, რომ აქ ჩვენ ვართ „სტუმრები“, რომ ვეკუთვნით ქრისტეს, და რომ ვმოგზაურობთ მისი მარადიული სამფოსაკენ. ტკივილისა და სიკვდილის არსებობა, რამდენადაც ხელშესახები არ უნდა იყოს, არ წარმოადგენს საბოლოო რეალობას. ეს არის სიკვდილის საბოლოო გაუქმება. ღმრთის სამეფოში არ არსებობს არც ტკივილი, არც სიკვდილი, არამედ უსასრულო სიცოცხლე. „შენს ძვირფას ჯვარცმამდე – ვგალობთ – სიკვდილი საშინელება იყო ადამიანისთვის, მაგრამ შენი დიდებული ვნების შემდეგ, ადამიანი აძრწუნებს სიკვდილს.“[5] ქრისტესადმი რწმენა გვაძლევს ძალას, სიმტკიცესა და მოთმინებას განსაცდელების გადასალახად. ქრისტე არის ის, ვინც „კურნავს ჩვენს ყოველ დაავადებას და გვათავისუფლებს სიკვდილისგან.“ ის არის, ვინც იტანჯებოდა ჩვენთვის, და დაგვანახა, რომ ღმერთი „ყოველთვის ჩვენთანაა“, და რომ ღმრთის სიყვარული ჩვენდამი განუყოფელად განეკუთვნება ღმრთის ჭეშმარიტებას. საღმრთო სიყვარულის ეს იმედიანი ჟღერადობა ექოდ ისმის ქრისტეს სიტყვებში გარღვეულის მისამართით: „გამხნევდი შვილო“ (მთ. 9,2); სისხლმდინარე ქალსადმი: „გამხნევდი ასულო“ (მთ. 9,22); მის ნათქვამში: „გამხნევდით, მე ვძლიე წუთისოფელს“ (ინ. 16,33) და მის წამებამდე, შეპყრობილ წარმართა მოციქულს, რომელსაც ემუქრებოდა სიკვდილი: „გამხნედი, პავლე“ (საქმ. 23,11).

ახალი კორონავირუსის არსებულმა პანდემიამ აჩვენა, თუ რამდენად მყიფე ვართ ჩვენ, როგორც ადამიანები, რამდენად მარტივად გვეუფლება შიში და სასოწარკვეთა, რამდენად მყიფეა ჩვენი ცოდნა და თავდაჯერებულობა, რამდენად მოძველებულია წარმოდგენა, რომ სიკვდილი წარმოადგენს სიცოცხლის ბოლო მოვლენას, და რომ სიკვდილის დავიწყება ან ჩახშობა მასთან გამკლავების სწორი საშუალებაა. ეს შეზღუდული სიტუაციეები გვიჩვენებენ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ეფექტურად ვმართოთ ჩვენი არსებობა, როდესაც გვწამს, რომ სიკვდილი არის დაუმარცხებელი რეალობა და გადაულახავი საზღვარი. მარადისობის იმედის გარეშე ადამიანის ყოფნა ძნელია. ეს იმედი ცხოვრობს ყოველი ექმის, ექთანის, მოხალისის, დონორის გულში და ყველა მათგანში, ვინც გულუხვად უჭერს მხარს თავიანთ ტანჯულ და-ძმებს, მსხვერპლის, შესაწირისა და სიყვარულის სულისკვეთებით. ამ დაუსრულებელ კრიზისში, ისინი ასხივებენ აღდგომასა და იმედს. ისინი არიან „კეთილი სამარიტელები“, რომლებსაც, საკუთარი სიცოსხლის რისკის ქვეშ დაყენებით, ჭრილობაზე ასხამენ ზეთსა და ღვინოს; ისინი თანამედროვე „კვირინელები“არიან გოლგოთაზე მათთვის, ვინც ავადმყოფობს.

ამ ფიქრებით, ყოვლადპატიოსანნო მღვდელმთავარნო და უფლისმიერ საყვარელო შვილებო, ჩვენ განვადიდებთ აღმდგარი უფლის სახელს, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას და წყაროა სიცოცხლისა თავისი საკუთარი ნათლიდან, რომელიც ანათებს სამყაროს აღდგომის ნათელით. და ვევედრებით მას, ჩვენი სულებისა და სხეულის ექიმს, რომელიც სიცოცხლესა და აღდგომას ანიჭებს, რომ მისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით მოგვანიჭოს ჩვენთვის ძვირფასი საჩუქარი ჯამრთელობისა და ჩვენი ნაბიჯები სწორ გზაზე წარმართოს, რათა გავუზიაროთ თავისუფლების საღმრთო საჩუქარი სამყაროს, მისი სრულყოფილების მოსწავებით, ზეციურ სამეფოში, რომელიც არის მამისა, ძისა და სული წმინდისა.

ქრისტე აღდგა!”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 19, 2020 12:04

Google სტატისტიკა


9,124
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics