,,მოვისმინე, რომ ექიმმა პაციენტს პოლიტიკური მოსაზრებით დახმარება არ აღმოუჩინა – არავის ვურჩევ, ექიმების ღირსება შელახონ!”

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ონში დაჭრილი გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ნოდარ ბურდილაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“ასეთი დაზიანებების შემდეგ პაციენტს ძალიან სერიოზული ინტენსიური თერაპია სჭირდება. ახლა ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის, რადგან როგორც წესი, ასეთი დაზიანებები ხანგრძლივ მართვას მოითხოვს. პაციენტის პირველადი მონაცემები ნამდვილად ავტოსაგზაო შემთხვევას ჰგავდა, თუმცა მალევე, გასინჯვის დროს, აღმოჩნდა, რომ აქ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები იყო. დახმარება და ქირურგიული მკუნალობაც შესაბამისად წარიმართა“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

მინისტრმა მიუღებელი და ექიმებისთვის შეურაცხმყოფელი უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ ექიმმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციანტს დროული დახმარება შეგნებულად არ აღმოუჩინა.

“გუშინ მოვისმინე შეფასებები, რომელზეც გაოცებული ვარ. რანაირად შეიძლება ადამიანს ენა მოუბრუნდეს და თქვას, რომ ექიმმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს შეგნებულად, რაღაც პოლიტიკური მოსაზრებების გამო დახმარება არ აღმოუჩინა?! ექიმისათვის ამაზე მძიმე შეურაცხყოფა არ ვიცი. არავის ვურჩევდი, რომ ექიმებისთვის ღირსების შელახვას ეცადონ. ექიმები ის ადამიანები არიან, ვინც პაციენტს პოლიტიკური ნიშნით კი არა, ბრძოლის ველზე დაჭრილ მოწინააღმდეგს, მტერს აღმოუჩენს დახმარებას. ასეთი საუბარი მიუღებელია და ამის გაკეთებას არავის არ ვურჩევ“, – აღნიშნა სერგეენკომ.

21 ნოემბერს გვიან ღამით, ქალაქ ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ნოდარ ბურდილაძეს ცივი იარაღით მუცლის არეში სამი ჭრილობა მიაყენეს. ბურდილაძეს ოპერაცია თერჯოლის საავადმყოფოში ჩაუტარდა. ოჯახის წევრების მოთხოვნით, იგი წუხელ თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი – არ ვაპირებ წყაროს დასახელებას
შემდეგი სტატიასიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთში – მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა გრიგოლ ვაშაძის ბანერის გაკვრისთვის ხელის შეშლა სცადეს