„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი – არ ვაპირებ წყაროს დასახელებას

არ ვაპირებ წყაროს დასახელებას, იმიტომ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, ის ფუძემდებლური პრინციპი, რის საფუძველზეც მუშაობენ მთელს მსოფლიოში უფლებადამცველი ორგანიზაციები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ონიანმა განაცხადა.

„მე ვარ მარტო ჩვენი ორგანიზაციის მესამე თანამშრომელი და ვიტყვი ზუსტად იმავეს, რაც უთხრეს ჩვენმა სხვა თანამშრომლებმა. რა ინფორმაციაც გვაქვს, იმას ვეუბნებით სრულად. ერთადერთი, რასაც არ ვეუბნებით, ეს არის ინფორმაცია წყაროს შესახებ და ამის ართქმის უფლებას ჩვენ გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია და მეც არ ვაპირებ წყაროს დასახელებას, იმიტომ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, ის ფუძემდებლური პრინციპი, რის საფუძველზეც მუშაობენ მთელს მსოფლიოში უფლებადამცველი ორგანიზაციები”, – განაცხადა ონიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ესწრებოდა თუ არა ის წყაროსთან შეხვედრას, ონიანმა განაცხადა, რომ შეხვედრას ისიც ესწრებოდა.

„ჩვენ შემდეგ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ, სარწმუნოდ მივიჩნიეთ და ვამცნეთ საზოგადოებას”, – აღნიშნა ონიანმა.

საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ 20 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და ყალბი დოკუმენტაციის შესაძლო დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკითხნენ „საერთაშრისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორები ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიხეილ ბენიძე.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო – მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ადამიანები ისევ არეულობას, სისხლისღვრასა და რევოლუციას გეგმავენ
შემდეგი სტატია,,მოვისმინე, რომ ექიმმა პაციენტს პოლიტიკური მოსაზრებით დახმარება არ აღმოუჩინა – არავის ვურჩევ, ექიმების ღირსება შელახონ!”