მოსკოვში მომხდარ ტერაქტს ევროკავშირის ლიდერები ეხმაურებიან

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტს ევროკავშირის ლიდერები ეხმაურებიან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტერაქტს გმობს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ვგმობ საშინელ ტერაქტს მოსკოვში. უდანაშაულოთა დაღუპვა ნებისმიერ ადგილას ადამიანური ტრაგედიაა და ჩემი სამძიმარი მსხვერპლსა და მათ ოჯახის წევრებს“, – წერს შარლ მიშელი.

თავდასხმა დაგმო ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც.

„მკაცრად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმას მშვიდობიან მოქალაქეებს მოსკოვის „კროკუსის სითი ჰოლში“, რომელზეც პასუხისმგებლობას „ისლამური სახელმწიფო“ იღებს. ჩემი ფიქრები ამ ტრაგიკულ დროს, მსხვერპლთან და მათი ოჯახის წევრებთანაა“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი ბორელი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს მტკიცედ ერთიანი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„უმკაცრესად ვგმობ გასულ ღამეს, ამ ამაზრზენ თავდასხმას მოსკოვის გარეუბანში. ტერორიზმის სამიზნე კვლავ დაუცველი ხალხი გახდა. საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს მტკიცედ ერთიანი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში, საკონცერტო დარბაზში დაღუპულთა რაოდენობამ 140-ს გადააჭარბა
შემდეგი სტატია„კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ „ისლამური სახელმწიფო“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც, მათი მტკიცებით, თავდასხმის მონაწილეები არიან ასახული