მოსამართლე ეკა არეშიძე – „კლანი“ ცოტა ისეთი ტერმინია, ეს პრობლემა მე არ შემხებია, ამიტომ ხაზგასმით არაფრის მტკიცება და უარყოფა არ შემიძლია

ცხადია, სასამართლოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ყოველთვის იყო და ალბათ, ყოველთვის იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ხარვეზები არსებობს, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ეკა არეშიძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმაზე უკეთეს რეპუტაციას იმსახურებს დღევანდელი სასამართლო, ვიდრე დღეს აქვს და ამისთვის ცვლილებებია საჭირო.

„კლანი“ ცოტა ისეთი ტერმინია, ყოველ შემთხვევაში, მე არ შემხებია ეს პრობლემა, ამიტომ, ასე ხაზგასმით არაფრის მტკიცება არ შემიძლია, თუმცა, არც უარყოფა არ შემიძლია, იქედან გამომდინარე, რომ მუდმივად და არაერთ კვლევაში არის ამაზე საუბარი. ყოველ შემთხვევაში, ის გარემოებები, რამაც ეს აზრი შექმნა, რაღაცნაირად უნდა გაბათილდეს. ფაქტია, რაღაც შესაცვლელია იმისთვის, რომ მუდმივად ეს აზრი არ მუსირებდეს საზოგადოებაში. სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრი ღირსეული მოსამართლეა. ვფიქრობ, იმაზე უკეთეს რეპუტაციას ნამდვილად იმსახურებს სასამართლო, ვიდრე დღეს არის. ცხადია, სასამართლოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ყოველთვის იყო და ალბათ, ყოველთვის იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ხარვეზები არსებობს. გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვისაც მომგებიანი თემაა იმიტომ, რომ სასამართლოში ყოველთვის ორი მხარეა, ერთი მხარე განაწყენებულია. ამიტომ, მათთვის სასამართლოს კრიტიკა გარკვეუწილად ქულების დასაწერად მომგებიანია“,- განაცხადა არეშიძემ.

მისი შეფასებით, სასამართლო სისტემაში გამოწვევები დღესაც არსებობს და წარსულშიც არსებობდა, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.

„მე 2006 წლიდან დღემდე მოსამართლე ვარ და აუცილებლად აღსანიშნავია ის, რომ პროგრესი ნამდვილად არის, როგორც დამოუკიდებლობის, ასევე მიდგომების თვალსაზრისით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე სასამართლო სრულყოფილია და არის იმ საფეხურზე, როგორზეც ვისურვებდით კანონის უზრნაესობის პრინციპის ბოლომდე დაცვის კუთხით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვიყავი და დღესაც ვარ სრულიად დამოუკიდებელი მოსამართლე და ჩემი გადაწყვეტილების მიღებაში არავინ ერევა, მაგრამ რადგან გარკვეული გადაწყვეტილებები ან ქმედებები გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს საზოგადეობაში, კვლევებში არის ეს შენიშვნის სახით შეტანილი, ალბათ, ასეთი ხარვეზები სასამართლო სისტემაში არის და ეს გარედან უფრო კარგად ჩანს“,-განაცხადა არეშიძემ.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტმა კოვიდ-სერთიფიკატებს “მწვანე შუქი” მისცა
შემდეგი სტატიაცვლილებები საგარეო საქმეთა სამინისტროში