ევროპარლამენტმა კოვიდ-სერთიფიკატებს “მწვანე შუქი” მისცა

ევროპის პარლამენტმა კოვიდ-სერთიფიკატებს, რომელმაც ევროკავშირსა და შენგენის ზონაში თავისუფალ გადაადგილებას უნდა შეუწყოს ხელი, “მწვანე შუქი” აუნთო. სტრასბურგში სერთიფიკატებს კენჭი 546-მა დეპუტატმა მისცა, 93 იყო წინააღმდეგი, 51-მა თავი შეიკავა. მეორე რეგლამენტს, რომელიც ეხება მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირსა და შენგენის ზონაში ცხოვრობენ, ხმა მისცა 553 დეპუტატმა, 91 წინააღმდეგი იყო, 46-მა თავი შეიკავა. შედეგები დღეს დილით გამოქვეყნდა – “დოიჩე ველე” წერს. ახლა ეს რეგლამენტი საბოლოოდ ევროკავშირმა უნდა დაამტკიცოს. კოვიდ-სერთიფიკატები ევროკავშირისა და შენგენის ზონაში სრულად 1 ივლისს ამოქმედდება. რამდენიმე ქვეყანა კი მას უკვე გასცემს.

სერთიფიკატები დაადასტურებენ ვაქცინაციას ან ნეგატიურ ტესტს, ან კოვიდ-19-ზე არსებულ იმუნიტეტს. სერთიფიკატებს მიიღებს ყველა, ვინც ევროკავშირში დარეგისტრირებული რომელიმე ვაქცინითაა აცრილი, ესენია “ფაიზერი”, “მოდერნა”, “ასტრა-ზენეკა” და “ჯონსონ და ჯონსონი”.

ევროკავშირის ან შენგენის წევრ ყველა ქვეყანას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინებზე სერთიფიკატების გაცემა საკუთარი შეხედულებისამებრ შეეძლება, საუბარია “სინოვაკზე” ან “სინოფარმზე”.

მესამე ქვეყნების მიერ გაცემული სერთიფიკატებიც ძალაში იქნება, თუკი ევროპული სტანდარტების დაცვით გაიცემა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – საკოორდინაციო საბჭოს ე.წ კომენდანტის საათის მოხსნაზე რეკომენდაციას ამ ეტაპზე ვერ მივცემთ
შემდეგი სტატიამოსამართლე ეკა არეშიძე – „კლანი“ ცოტა ისეთი ტერმინია, ეს პრობლემა მე არ შემხებია, ამიტომ ხაზგასმით არაფრის მტკიცება და უარყოფა არ შემიძლია