მოქალაქეობის საკითხთა კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის

მოქალაქეობის საკითხთა კომისია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„პრეზიდენტის მიერ გასული წლის მიწურულს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საფუძველია, ოთხის ნაცვლად ექვსი წევრით დაკომპლექტდება და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. საქართველოს პრეზიდენტს, გარდა კომისიის თავმჯდომარისა, კომისიაში კიდევ ორი წარმომადგენელი ეყოლება – ერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ერთიც- ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან. ასევე იზრდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა რიცხვი, რომელსაც კომისიაში ერთის ნაცვლად ორი წევრი ეყოლება. რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, ის კომისიის თავმჯდომარე აღარ იქნება და, ამასთან, ორის ნაცვლად მას მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მოცემული ცვლილებები მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შედის ძალაში.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი ახალი რეალობის პირობებში, 15 იანვრიდან, იმ პირებს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება სურთ, კვლავ შეეძლებათ განცხადება შეიტანონ ჩვენი სისტემის ტერიტორიულ სამსახურებში – იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში. ამ მხრივ მათთვის არაფერი იცვლება. მაგრამ გასაუბრებასა და სხვა, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, ისინი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაივლიან, ვინაიდან 15 იანვრიდან შესაბამის კომისიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს და კომისიის შემადგენლობის უმრავლესობაც პრეზიდენტის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. ჩვენ კი გავაგრძელებთ შემოტანილი განცხადებების შესწავლასა და კომისიისთვის საქმეების მომზადებას, რათა მან სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში„ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს გათვალისწინებული“ – ნინო ლომჯარია
შემდეგი სტატიამაია ნიკოლეიშვილი : თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ შესაძლოა სროლის მანძილზე გარკვეული ინფორმაცია მოგვცეს