მოქალაქეებისთვის „გარანტიის სერტიფიკატების“ გადაცემა – “საია” ენმ-ს ამომრჩეველზე ზეგავლენაში ადანაშაულებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველზე ზეგავლენაში ადანაშულებს. “საია” პარტიის მიერ მოქალაქეებისთვის „გარანტიის სერტიფიკატების“ გადაცემას ეხმაურება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ოპოზიციური პარტიის ახალი პროექტის შესახებ „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ“ განცხადებას ავრცელებს.

„საია-ს“ მიაჩნია, რომ იკვეთება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევა, პარტიის, მისი წარმომადგენლების მიერ აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გარანტიის სერტიფიკატების“ გადაცემის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას.

„ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური გაერთიანებისა და მისი წარმომადგენლების მიერ მოქალაქეებისთვის „საგარანტიო სერტიფიკატების“ გადაცემით, ხდება ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენა. სავარაუდოდ, ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას, მათ დაინტერესებას ფულადი სახსრების გადაცემის დაპირებით, რომელიც არ უკავშირდება როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით, აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.

„კითხვებს აღძრავს თავად ამ სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნისა და მასში ფინანსური რესურსების აკუმულირების საკითხი: როგორ, რა წესით, რა სამართლებრივ რეგულაციებზე დაყრდნობით მოხდება ფონდის შექმნა, ასევე, როგორ მოხდება პარტიის მიერ ამ ფონდში თანხების მობილიზება და რამდენად კანონშესაბამისად წარიმართება ჩინოვნიკებისგან „ხალხისგან ნაძარცვის“ დაბრუნების პროცესი?

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პოლიტიკურმა პარტიამ აღნიშნული პროგრამა წამოიწყო საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ხოლო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნებში გამარჯვება თავისთავად არ გულისხმობს პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას.

გარდა ამისა, „საგარანტიო სერტიფიკატის“ გაცემის დროს პარტია აგროვებს პირის სახელს, გვარს და მის პირად ნომერს, რაც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. საინტერესოა, ამ პროცესში ხდება თუ არა პარტიის მიერ ამომრჩევლების ინფორმირება მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნების შესახებ,“- აღნიშნულია განცხადებაში.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლოს ზემოაღნიშნული ფაქტი და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება.

„საია“ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ წარმომადგენლებს მიმართავს, რომ პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და უზრუნველყონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, თაგვების გამოჩენის გამო, საგამოცდო პროცესი რამდენიმე წუთით შეფერხდა
შემდეგი სტატია“მოკლეს რაღაცისთვის” – მოკლული ბიზნესმენის ნუგზარ კახიძის ოჯახი მუქარის შემცველ ზარებზე საუბრობს