მოგერინი კორეის ნახევარკუნძულის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი კორეის ნახევარკუნძულის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ფედერიკა მოგერინის განცხადებაში ნათქვამია, რომ სიტუაციის დეესკალაცია გადაუდებელ აუცილებლობას და საჭიროებას წარმოადგენს.

„ეს არის ევროკავშირის და საერთაშორისო თანამეგობრობის პრიორიტეტი. ჩვენ მოვუწოდებთ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას, თავი შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან, რაც გაზრდის გლობალურ და რეგიონალურ დაძაბულობას“, – ნათქვამია მოგერინის განცხადებაში.

ევროკავშირი შექმნილ ვითარებას კრიტიკულად აფასებს და მხარს უჭერს სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, პარტნიორებთან დიპლომატიურ მუშაობის გაძლიერებას. ევროკავშირი ამ გამოწვევის წინაშე საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ევროგაერთიანება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განვითარებას, ფხენიანის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების სერიოზულ და შემაშფოთებელ დარღვევად აფასებს. ევროკავშირი გააგრძელებს დაკვირვებას და ძირითად პარტნიორებთან, გაერო-ს უშიშროების საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს დამატებით ზომებს. განცხადებაში წერია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაზოგოს დიპლომატიური მცდელობა, იმისათვის, რომ არ მოხდეს სიტუაციის დამატებით ესკალაცია. აუცილებელია გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მარტო ბირთვული პროგრამის გაუვრცელებლობის რეჟიმს, არამედ აზიას და მსოფლიოს.

banner
წინა სტატიაში„ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი შეფერხების გარეშე მუშაობს
შემდეგი სტატიათბილისის უმეტეს ნაწილს დღს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება