მოძრაობა „ხალხისთვის“: გავრცელებული ფარული ჩანაწერის შემთხვევაში, უნდა გავრცელდეს მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებით დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკა

„მოძრაობა „ხალხისთვის“ პოზიციაა, მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერის შემთხვევაში, უნდა გავრცელდეს მამხილებელთან დაკავშირებით დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკა და თუ გამოძიების პროცესში გამოიკვეთება კეთილსინდისიერი მამხილებელი, ის უნდა იყოს დაცული როგორც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებია და როგორც ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ითვალისწინებს,“ – ასეთია მოძრაობა „ხალხისთვის“ პოზიცია მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე ფარული აუდიო ჩანაწერის გავრცელებიდან მესამე დღეს, გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.
ჩვენი ქვეყნის ბოლო წლების ისტორიებიდან გამომდინარე, პირადი ცხოვრების ფარული ჩაწერები თუ მიყურადება ნამდვილად დიდ უკანონობად და პიროვნულ ტრაგედიადაც აღიქმება. ეს, თავისთავად ცხადია, დასაგმობი და სამართლებრივად უმკაცრესად დასასჯელია. მაგრამ, როდესაც ჩვენივე კანონმდებლობით რომ ვთქვათ, თუ მხილება ემსახურებოდეს საჯარო მოხელეების მიერ „საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შემცველი ნორმების დარღვევის თავიდან აცილებას, გამოვლენას ან აღკვეთას ან/და საჯარო ინტერესის დაცვას“, შესაძლებელია, ამ შემთხვევაში საქმე კეთილსინდისიერ მამხილებელთან გვქონდეს.
მამხილებელი არის პიროვნება, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოებრივ სიკეთეზე და ეს ინსტიტუტი მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სამართალდარღვევებზე რეაგირებასთან დაკავშირებით.
სწორედ ფუნქციის სირთულიდან გამომდინარე, მამხილებელი დაცულია საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებით, მათ შორის ევროპული სასამართლოს პრაქტიკით და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. კანონმდებლობა იცავს ამ პიროვნების ანონიმურობას, ხელშეუხებლობას და მეტიც, ითვალისწინებს წახალისებასაც.
აქედან გამომდინარე, მოძრაობა „ხალხისთვის“ პოზიციაა, მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერის შემთხვევაში, უნდა გავრცელდეს მამხილებელთან დაკავშირებით დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკა და თუ გამოძიების პროცესში გამოიკვეთება კეთილსინდისიერი მამხილებელი, ის უნდა იყოს დაცული როგორც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებია და როგორც ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ითვალისწინებს,“ – აღნიშნული განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჟოზეფ ბორელი: მთავარი საკითხია პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლოს რეფორმა
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა