მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს. დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ლერი ბარნაბიშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას.

“ლერი ბარნაბიშვილს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წელს იგი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი; ხოლო, დღემდე – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი. ლერი ბარნაბიშვილი არის ძალიან ენერგიული, წარმატებული, ეფექტური მენეჯერი; მას შეუძლია უწყებებთან ძალიან კარგი კოორდინაცია, რაც ჩვენ გვჭირდება და ვფიქრობ, იგი წარმატებული იქნება ამ პოზიციაზე. ის იქნება ჩემი წარმომადგენელი და თქვენთან ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ექნება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დანიშვნამდე ლერი ბარნაბიშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა; სხვადასხვა პერიოდში იგი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი; საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ლერი ბარნაბიშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა. მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

banner
წინა სტატიაშიმოძრაობა „ხალხისთვის“: გავრცელებული ფარული ჩანაწერის შემთხვევაში, უნდა გავრცელდეს მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებით დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკა
შემდეგი სტატიაელისო ბოლქვაძე უმრავლესობის სხდომაზე შესვლამდე, ბერას სიმღერას დემონსტრაციულად უსმენდა