მობილიზებულია ყველა, მათ შორის საერთაშორისო რესურსი, რათა რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს

მოვახდინეთ ყველა რესურსის მობილიზება, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის, რათა ჩვენი მოქალაქე რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდეს თავის ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ 37 წლის მაია ოთინაშვილის დაკავების საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამ შემთხვევაში ხაზი მინდა გავუსვა, ვცდილობთ, გვქონდეს მექანიზმები და ეს მექანიზმები ძალიან ხშირ შემთხვევაში არის საკმაოდ ეფექტური, რომ მოვახდინოთ მსგავსი შემთხვევების პრევენცია. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ქეთი ციხელაშვილის აპარატი ისევე, როგორც შესაბამისი ორგანოები და რაც მთავარია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომ უახლოეს საათებში, ვიმედოვნებ, ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდეს თავის შვილებს და თავის ოჯახს. ძალიან მძიმე შემთხვევას აქვს ადგილი. ამასაც მინდა ხაზი გავუსვა. შესაბამისად, ჩვენ მოვახდინეთ ყველა რესურსის მობილიზება, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის, რათა ჩვენი მოქალაქე რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდეს თავის ოჯახს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქობულია : ნებისმიერ საერთაშორისო ინსტანციას ექნება ეჭვი, რომ „ომეგა“ მოქმედებს ვალის გადახდისაგან თავის ასარიდებლად
შემდეგი სტატიაბრიუსელში ლევან იზორია იენს სტოლტენბერგთან და ჯეიმს მატისთან მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს