გიორგი ქობულია : ნებისმიერ საერთაშორისო ინსტანციას ექნება ეჭვი, რომ „ომეგა“ მოქმედებს ვალის გადახდისაგან თავის ასარიდებლად

ნებისმიერი საერთაშორისო ინსტანცია დასვამს საკითხს, ვალი როგორ გადაიხადოს „ომეგამ“ და ყველას ექნება ეჭვი, რომ ეს კომპანია მოქმედებს იმისთვის, რომ რამენაირად თავი აირიდოს გადასახადისგან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „ომეგა ჯგუფის“ საქმესა და გავრცელებულ ჩანაწერებზე დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„არ შემისწავლია ის ჩანაწერები და არც მომისმენია უმეტესობისთვის. გეტყვით, რას ვფიქრობ. ჩემი აზრით, არის ერთი ფაქტი – ამ კომპანიას აქვს ძალიან დიდი დავალიანება გადასახდელი. ეს არის ძალიან დიდი თანხა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, ასევე კომერციული ბანკების მიმართ უზარმაზარი ვალი. ასეთ შემთხვევაში, მგონია, ცოტა უხერხულია, როდესაც ასეთი ბრალდებები გვესმის. ჩემი აზრით, ეს უფრო მიმართულია იმისკენ, რომ აირიდოს დავალიანების გადახდა“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მისივე თქმით, დავალიანების გადახდას ვერავინ აირიდებს.

„ეს არის ეკონომიკისთვის მთავარი. ვერასდროს შევქმნით იმის პრეცედენტს, რომ ჩავებათ რაღაც დისკუსიებში, რომელიც მერე გაამართლებს იმას, რომ ადამიანი არ გადაიხდის გადასახადებს. გადაიხადოს ის ვალები და მერე ვილაპარაკოთ, რა პრეტენზიები აქვთ მაგათ მთავრობის მიმართ. მე არ გამიჩნდა კითხვა ჩემი თანაგუნდელების მიმართ, რადგან ვიცი ის ვალი რომ აწევს კომპანიას. ამას განვიხილავ ჩემი შინაგანი რწმენით, ამას განვიხილავ კომპანიისგან, როგორც მცდელობას, რომ თავი აარიდოს ვალის გადახდას“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, „ომეგას“ საქმე არ აისახება ეკონომიკაზე.

„არანაირად არ აისახება ეს ეკონომიკაზე. „ომეგას“ საქმეზე მთელი ეს ლაპარაკი არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, როდესაც კომპანიას აწევს ამხელა ვალი. ნებისმიერი საერთაშორისო ინსტანცია დასვამს საკითხს იმასთან დაკავშირებით, ეს ვალი როგორ გადაიხადოს ამ კომპანიამ და ყველას ექნება ეჭვი, რომ ეს კომპანია მოქმედებს იმისთვის, რომ რამენაირად თავი აირიდოს გადასახადისგან. ეს თანხა არის ისეთი, რომ გააკოტრებს ძალიან ბევრ დიდ კომპანიასაც. ეს არ არის პატარა თანხა, ათობით მილიონ დოლარზეა ლაპარაკი, რომელსაც ეს კომპანია არ იხდის“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

banner
წინა სტატიაშიციხის კადრებზე ავთენტურობის დადასტურებას უნდა დავლოდებოდით ? – მიხელ ბენიძე უმრავლესობას
შემდეგი სტატიამობილიზებულია ყველა, მათ შორის საერთაშორისო რესურსი, რათა რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს