მმართველმა ძალამ აირჩია იმავე გზით სიარული, რაც წინა ხელისუფლებების დროს არაერთხელ დაიწუნეს – ფიქრია ჩიხრაძე

“მმართველმა ძალამ აირჩია იმავე გზით სიარული, რაც წინა ხელისუფლებების დროს არაერთხელ დაიწუნეს,” – ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ, საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება და მონაწილეობას მხოლოდ შემუშავებული ცვლილებების საზოგადოებრივი განხილვის პროცესში მიიღებენ.

”ჩვენ 19 ოქტომბერს შევთავაზეთ მმართველ ძალას და საზოგადოებას იდეა, რომელიც, ჩვენი თვალსაზრისით, საკონსტიტუციო პროცესს, კომისიას, შესძენდა ძალიან მაღალ ლეგიტიმაციას, სანდოობას და იქნებოდა გარანტი ფართო კონსენსუსის პროდუქტის შექმნის. სამწუხაროდ, ორი თვის თავზე, კონსულტაციის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირველსავე განცხადებაში გამოვთქვით ამ თემაზე ფართო კონსულტაციის გამართვისთვის მზადყოფნა, მივიღეთ კატეგორიული უარი მმართველი ძალის მხრიდან. მოცემულობა არის ასეთი, რომ შეიძლებოდა უკეთესი გზით გვევლო, მაგრამ მმართველმა ძალამ აირჩია იმავე გზით სიარული, რა გზაც არაერთხელ დაიწუნეს საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით წინა ხელისუფლებების პერიოდში. ჩვენ აღარ ვაპირებთ ამ თემაზე დაუსრულბლად კომენტარების კეთებას. ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით პროცესს. იმედი გვაქვს, ის გამჭვირვალე იქნება და ამავე დროს საერთო-სახალხო განხილვის ეტაპზე ჩვენ ძალიან აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში,” – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი სომხეთის პრეზიდენტს და პოლიციის უფროსს შეხვდა
შემდეგი სტატიამაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – ის ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული