მკაფიო პოზიციას მკაფიო ნაბიჯები უნდა მოჰყვეს და პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან ჯერ ეს არ გვინახავს – ბოკერია

სალომე ზურაბიშვილს ქვეყნისთვის საჭირო ამოცანებისთვის ჯერჯერობით მკაფიო პოლიტიკური ნაბიჯები არ გადაუდგამს და ამავდროულად, ივანიშვილის სახიფათო რეჟიმის ნამუსის მოწმენდითაა დაკავებული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამით გიგა ბოკერია გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მისივე თმით, საჭიროა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გზავნილის მიტანა და ასევე, ქვეყნის გარეთაც მკაფიო სურათის დახატვა, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ეს რეჟიმი ჩვენი მომავლისთვის, საქართველოს პრეზიდენტს კი ამ მიმართულებით მკაფიო ნაბიჯები არ გადაუდგამს.

“საქართველოში ვითარება იმ საზღვარს გაცდა, როდესაც მიკიბ-მოკიბვით საუბარი რაიმეს მომტანი იყოს. აქ არის ძალიან კონკრეტული ვითარება. თუ გარე საფრთხე ჩვენი მომავლისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის არის პუტინის ბოროტების იმპერიაა, ჩვენ შიგნით, ჩვენი ქვეყნის მომავლის, თავისუფლების, უსაფრთხოების, ღირსეული ცხოვრების, ამ ჭაობიდან ამოსვლის მთავარი ბარიერი, პრობლემა და საფრთხე არის ივანიშვილი თავის გარემოცვასთან ერთად. ეს არის ძალიან მკაფიო ვითარება.

თუ ამაზე პირდაპირ და გარკვევით არ საუბრობ, ზოგადი საუბარი არაფრის მომტანი არაა. მერე რაც მთავარია, მკაფიო პოზიციას მკაფიო ნაბიჯები უნდა მოჰყვეს და პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან ჯერ ჩვენ ეს არ გვინახავს. აკეთებს ხოლმე რაღაც მინიშნებებს და შემდეგ მისი მხრიდან საპირისპირო მინიშნებებიც მოჰყვება ხოლმე.

ჩვენ გვახსოვს მისი ნორმალური გზავნილი ხელისუფლების სამარცხვინო, პუტინისტურ პროპაგანდასთან მიმართებაში რუსეთის უკრაინაში აგრესიის საკითხზე, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე მან „ქართული ოცნება“ დაიცვა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებენო, ამიტომ სანამ არ ვნახავთ, რომ მისი პოზიცია მკაფიო, თანმიმდევრული გახდა და მერე ამას ამ რეჟიმის მიმართ ნაბიჯები მოჰყვა, რაც მას ნებისმიერი მიმართულებით ხელეწიფება, მაგალითად, პოლიტიკურად დევნილი გვარამიას, ან სხვების შეწყალება, ასევე, სხვა საკითხებშიც ნაბიჯები, აზრი არ აქვს.

ვიმეორებ, რა მეც ვნახე საერთაშორისო ასპარეზზე, მისი მხრიდან ნამუსის მოწმენდა იყო, იმისთვის რომ ამ რეჟიმზე თავისუფალ სამყაროს მკაფიო შეხედულება არ ჰქონდეს. ეგ იმ ამოცანას, რაც საქართველოს აქვს, პირდაპირ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ საქართველო არის საერთაშორისო სანქციების ნაწილი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს ისევ აქვს ადაპტაციის აშლილობა – წულაძე